საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ელის, რომ წელს საქართველოში მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება და საშუალო მაჩვენებელი 11%-ის ფარგლებში იქნება.
საფინანსო ინსტიტუტი ეროვნული ბანკისგან განსხვავებულ პროგნოზს აკეთებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებასთან დაკავშირებით და ვარაუდობს, რომ ინფლაცია სებ-ის მიზნობრივ 3%-იან ნიშნულამდე ეტაპობრივად, 2024 წლისთვის შემცირდება.
„მსოფლიოში შექმნილმა მიწოდების ჯაჭვებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციაზე გაზრდილმა ფასებმა, დამატებითი ზეწოლა გამოიწვია ინფლაციაზე, ამ პროცესების გარეშე ინფლაცია შემცირდებოდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, მოსალოდნელია, რომ 2022 წელს ინფლაცია საშუალოდ 11%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე 2024 წლისთვის ჩამოვა“,- აღნიშნულია სავალუტო ფონდის შეფასებაში.
ამასთან, სავალუტო ფონდი წელს საქართველოს ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას ელის.
შეგახსენებთ, უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. მაისში წლიური ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2023 წლის მეორე კვარტალში დაუახლოვდება.
ამასთან, სებ-ში აცხადებენ, რომ სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის რისკები არ შერბილდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება. ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.