LIVE

ADB: წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება

06 აპრ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1160
ADB: წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი პროგნოზის თანახმად, 2021 წელს მიღწეული ორნიშნა (10.6%) ზრდის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 3.5%-მდე შენელდება.

ADB 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

როგორც ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში შეინ როზენტალი აცხადებს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის უარყოფითი შედეგები საქართველოში შემცირებულ ტურიზმში, ექსპორტსა და ფულად გზავნილებში გამოიხატება.

„ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობას სჭირდება საბიუჯეტო ხარჯვების ფრთხილი გაანგარიშება, პანდემიასთან დაკავშირებული ორწლიანი გაზრდილი ხარჯვის შემდეგ. ასევე სასურველია მთავრობამ ინვესტირება განახორციელოს ურბანულ არეალებში და იმავდროულად მოახდინოს რეგიონების ფისკალური დეცენტრალიზაცია, სოციალურ სექტორებში ინვესტირების პარალელურად. ეკონომიკაში საზოგადოების ყველა წარმომადგენლის მონაწილეობისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონს თანაბრად ფარავს“,- აცხადებს როზენტალი.

როგორც ADB-ის ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს ინფლაციის 7%-მდე, 2023 წელს კი 4%-მდე შენელებაა მოსალოდნელი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სავარაუდოდ გაფართოვდება და 2022 წელს მშპ-ს 10%-ს შეადგენს, ნავთობის ფასების მოსალოდნელი ზრდის ფონზე, რაც 2023 წელს 7.5%-მდე შემცირდება. ექსპორტის ზრდა 2022 წელს 12.1%-ით არის ნავარაუდევი, 2023 წელს კი 14.9%-ით.

ADB-ის თანახმად, რადგან ეკონომიკური სანქციები რუსეთში ზრდას აფერხებს, საქართველოში ჯამურად შემოსული ფულადი გზავნილები 2022 წელს სავარაუდოდ 1.8 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდება, 2023 წელს კი 1.7 მილიარდ აშშ დოლარამდე.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5 პროცენტული პუნქტით, 2%-მდე შეამცირა. 2023 წლისთვის კი 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკური ზრდაზე დაგეგმა, თუმცა უკვე თავადაც აღიარებს, რომ ამ მაჩვენებლის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა 1 მილიარდი დოლარით იზარალოს. 

ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი შეამცირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. სებ-ში აცხადებენ, რომ ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ომისა და სანქციების უარყოფითი შედეგების გამო, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა და მიუთითებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება.