LIVE

ინფლაცია 9.5%, რეფინანსირების განაკვეთი 10.5%, ეკონომიკური ზრდა 4.5% - სებ-ის პროგნოზი

28 ივნ 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1017
ინფლაცია 9.5%, რეფინანსირების განაკვეთი 10.5%, ეკონომიკური ზრდა 4.5% - სებ-ის პროგნოზი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახლებული მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები გამოაქვეყნა, რომლებშიც რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაა გათვალისწინებული. 

ძირითადი, ანუ საბაზო სცენარის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს  ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება, წლიური ინფლაცია 9.5% იქნება, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე შემცირდება

სებ-ის პროგნოზებში ცვლადების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობა და მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებული დაშვებებია.

ეკონომიკური ზრდა

საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, რომელიც წელს მინიმუმ 6%-იან ზრდას პროგნოზირებს, სებ-მა აქამდე არსებული პროგნოზი (5%) შეამცირა და საბაზო სცენარით, 2022 წელს ეკონომიკის 4.5%-ით ზრდას პროგნოზირებს.

„ზრდის პროგნოზის გადახედვა მოსალოდნელი უცხოური ინვესტიციების შემცირებითა და წმინდა ექსპორტის გაუარესებითაა განპირობებული. მთლიანობაში, ეკონომიკის გაჯანსაღება, ძირითადად, ადგილობრივი მოთხოვნის ხარჯზე ხდება, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დაკრედიტების მაღალი ტემპის შენარჩუნებას შეაქვს“, - აღნიშნულია საბაზო სცენარში.

ეროვნული ბანკი საერთაშორისო გარემოს გაუმჯობესების შემთხვევაში (ოპტიმისტური სცენარით) ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელის, ხოლო პესიმისტურ სცენარში, სადაც მთავარ რისკად რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივებაა ჩადებული, საქართველოს ეკონომიკა 3%-ით იზრდება. 

ინფლაცია და რეფინანსირების განაკვეთი

ძირითადი სცენარით, წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ხანგრძლივად იქნება და 9.5%-ს შეადგენს. სებ-ის განმარტებით, ეს ძირითადად საერთაშორისო ბაზრებზე ენერგომატარებლებისა და საკვები ნედლეულის მკვეთრი გაძვირებით, ასევე გაზრდილი შიდა მოთხოვნითაა განპირობებული.

ამასთან, ეროვნული ბანკის საბაზო პროგნოზით, 2022 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არსებულთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდება და შესაბამისად, 10.5% იქნება.

„საბაზო სცენარში, მიმდინარე წელს მაღალი დაკრედიტების შედეგად გაზრდილი შიდა მოთხოვნის ფონზე ინფლაციის მიზნობრივ დონეზე მაღლა ხანგრძლივად შენარჩუნებისა და მსოფლიო მიწოდების ჯაჭვების შესუსტების შედეგად წარმოშობილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ რეჟიმში შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

პესიმისტური სცენარით, 11%-იანი წლიური ინფლაცია და 12%-იანი რეფინანსირების განაკვეთია პროგნოზირებული, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში მოსალოდნელია 9%-იანი ინფლაცია და რეფინანსირების განაკვეთის 10%-მდე შემცირება.

უძრავი ქონების ფასი

საბაზო სცენარით, წელს უძრავი ქონება 2021 წლის საშუალო დონესთან შედარებით 8.5%-ით გაძვირდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული დინამიკა მიმდინარე წელს უძრავ ქონებაზე გაზრდილი საგარეო მოთხოვნითაა განპირობებული, რაზეც უცხოელი ვიზიტორებისა და ქირის ფასების ზრდა მიუთითებს. 

ლარის კურსი

ეროვნული ბანკის საბაზო სცენარით, საშუალოვადიან პერიოდში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

„საპროგნოზო ჰორიზონტზე ლარის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართაც მიმდინარე დონეზე ნარჩუნდება, თუმცა მაღალი მერყეობით ხასიათდება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9375 ლარია.