LIVE

რა ელის „თელასს“ რუსული „ინტერ რაოს“ სანქცირების შემთხვევაში - ნარმანიას განმარტება

21 ივნ 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1364
რა ელის „თელასს“ რუსული „ინტერ რაოს“ სანქცირების შემთხვევაში - ნარმანიას განმარტება

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ინტერ რაოს“ სანქცირების შემთხვევაში, „თელასში“, სადაც რუსული კომპანია 75%-იან წილს ფლობს, სპეციალური მმართველი დაინიშნება.

როგორც ნარმანიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად, სემეკს გეგმა უკვე მზად აქვს.

„კომისიაში მომზადდა გადაწყვეტილების პროექტი, ვინაიდან ეს არის სენსიტიური საკითხი, კომუნალური სერვისების მიწოდებაა, იქ შეფერხება არ უნდა მოხდეს.

თუ „ინტერ რაო“ სანქციებში მოხვდება, ეს შეეხება „თელასს“ - კომპანიას, რომელშიც ის ძირითად წილს ფლობს. მარეგულირებელი კომისია მყისიერად მიიღებს გადაწყვეტილებას, დანიშნავს სპეციალურ მმართველს „თელასში“, ისე რომ საერთაშორისო ტრანზაქციები არ განხორციელდეს, შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით მოხდება გადარიცხვები, აისახება კომუნალური გადახდები და შესაბამისად, უწყვეტ რეჟიმში მოხდება მოქალაქეების ელექტროენერგიის მომარაგება“,- აღნიშნა ნარმანიამ.

„ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, საქართველო გახდეს კომპანიის წილის მფლობელი, როგორც ეს „ბორჯომის“ შემთხვევაში მოხდა, ნარმანია განმარტავს, რომ რუსული მხარისგან „თელასის“ წილების გადმოცემა აუცილებელი არაა, რადგან „ბორჯომისგან“ განსხვავებით, „თელასი“ რეგულირებადი კომპანიაა.

ცნობისთვის, რუსული კომპანია „ინტერ რაო“ შუალედური კომპანიების საშუალებით ფლობს „თელასის“ აქციების 75%-ს, „თელმიკოს“ აქციების 75%-ს და ასევე „ხრამჰესი I-ს“ და „ხრამჰესი II-ს“. 2020 წელს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია "თელასის" მეწილე გახდა. კერძოდ, მის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, "ბესტ ენერჯი გრუფმა" 32 380 383 ლარად შეიძინა “თელასის” 24.5%-იანი წილი. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მიერ უკვე სანქცირებულია "ინტერ რაოს" ხელმძღვანელი ბორის კოვალჩუკი. ამასთან, ევროკავშირის მიერაა სანქცირებული იგორ სეჩინი, Rosneft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც "ინტერ რაოს" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელია.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოში მოქმედ სხვა კომპანიებზე უკვე აისახა. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო ბანკ „ვითიბის“ სანქცირება „ვითიბი ბანკ საქართველოზეც“ გავრცელდა. შედეგად, სანქცირებულმა ბანკმა საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი „ბაზისბანკს“, მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების პორტფელი „ლიბერთი ბანკს“ გადააბარა. "ვითიბი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა, რომ ბანკი მხოლოდ საქართველოს ტოვებს, სხვა ბაზრებზე კი რჩება. 

ამასთან, "ბორჯომის" წარმოების შეჩერების შემდეგ, სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის კომპანიის შვილობილ RISSA INVESTMENT LIMITED-თან საქართველოს მთავრობამ ორი დოკუმენტისგან შემდგარი შეთანხმება გააფორმა. გარიგების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო IDS BORJOMI International-ის აქციების 7.73%-ის მფლობელი გახდა.