LIVE

რა გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე - კვლევა

02 ივნ 202216:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1157
რა გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე - კვლევა

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) კვლევის თანახმად, ელექტროენერგიასთან დაკავშირებით რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება ამ ეტაპზე მაღალი რისკის შემცველი არაა.

კვლევის ავტორები ამას ორი ძირითადი მიზეზით ხსნიან:

  • საქართველო ელექტროენერგიის მოხმარების უდიდეს წილს (92% 2021 წელს) ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგიით იკმაყოფილებს;
  • სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) გააჩნია ტრანსსასაზღვრო კავშირები.

„მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის კუთხით საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი არ აქვს. ეს ეხება როგორც ენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ისე მიწოდების შეწყვეტის მუქარას და მის გამოყენებას პოლიტიკური შანტაჟისთვის“,- აღნიშნულია კვლევის მიგნებებში.

WEG-ის მიხედვით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მცირეა და ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების 4%-ს არ აღემატება. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მისი სრულად ჩანაცვლება შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის რუსეთი იყო, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებასთანაა კავშირში. კერძოდ, გასულ წელს რუსეთიდან იმპორტირებული 1.2 მლრდ. კვტ. სთ ელექტროენერგიის 80% სწორედ აფხაზეთის მომარაგებას მოხმარდა.

ზოგადად, ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დიდი წილი (90% 2020 წელს) ენგურისა და ვარდნილის ჰესების გამომუშავებიდან იფარება, თუმცა ამ მხრივ 2021 წელი გამონაკლისი იყო, რადგან ენგურჰესი რეაბილიტაციის გამო გაჩერდა, რის ფონზეც ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსეთიდან იმპორტირებულმა ელექტროენერგიამ აფხაზეთის წლიური მოხმარების 34% შეადგინა.

რაც შეეხება გაზს, კვლევის თანახმად, რუსული ბუნებრივი გაზის წილი 8%-ს არ აღემატებოდა, თუმცა, ბოლო წლებში იმპორტის ზრდა შეინიშნება.

2021 წელს რუსული გაზის წილმა საქართველოში გაზის მოხმარების 15% შეადგინა. საქართველოში რუსული გაზის მთავარი მყიდველი კომერციული სექტორია.

საქართველო გაზს ძირითადად აზერბაიჯანიდან იღებს. ამ ეტაპზე, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ გაზზე მინიმალურია - აზერბაიჯანი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში გაზმომარაგებას.

კვლევის თანახმად, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ნავთობპროდუქტების 27.1% რუსეთიდან შემოდის. WEG-ში მიუთითებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს საქართველოს მოხმარებაში მნიშვნელოვანი წილი უკავია, ომის პირობებში რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვის შემთხვევაში, დეფიციტის დაბალანსება სხვა ქვეყნებიდან იმპორტის გაზრდითაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ WEG-ის ინფორმაციით, საქართველოს ნავთობპროდუქტების სტრატეგიული რეზერვები ამ ეტაპზე არ აქვს იმის მიუხედავად, რომ ასეთი რეზერვების არსებობა ქვეყანას ევროკავშირის დირექტივით ევალება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსული ენერგეტიკული რესურსების იმპორტის ზრდის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს საკუთარი გაზსაცავი და ნავთობგადამამუშავებელი საწარმო სჭირდება. ასევე ავტორების ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ იზრუნოს გენერაციის ადგილობრივი წყაროების განვითარებაზე, რადგან, ენერგიის მოხმარების ზრდის კვალდაკვალ, იზრდება იმპორტირებულ ენერგიაზე, მათ შორის, რუსულ იმპორტზე, დამოკიდებულება. რუსეთი მიერ ენერგეტიკის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მაგალითი კი მრავალია.

რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების გავლენა

კვლევის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული რუსული კაპიტალისა და აქტივების მიუხედავად, ენერგეტიკის სექტორი განსაკუთრებულ რეგულირებას ექვემდებარება და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი დაიცვას მოქალაქეები რუსული ბიზნესების სანქციების შესაძლო ზეგავლენისგან.

რაც შეეხება არსებულ სურათს, კვლევის თანახმად, რუსული კომპანია „ინტერ რაო“ შუალედური კომპანიების საშუალებით ფლობს „თელასის“ აქციების 75%-ს, კომპანია „თელმიკოს“ აქციების 75%-ს და ასევე „ხრამჰესი I-ს“ და „ხრამჰესი II-ს“. შილდაჰესს და ლარსიჰესს ფლობს შპს „ენერგია“, რომლის 70% რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის. შპს „ენერგია“ ასევე ფლობს სს „დარიალი ენერჯის“ (დარიალიჰესი) 44.27%-ს. რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური საქსელო კომპანიის (ПАО «ФСК ЕЭС») საკუთრებაშია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მფლობელი „საქრუსენერგოს“ 50%-იც. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის, და საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დასაკავშირებლად გამოიყენება.

კვლევაში ხაზგასმულია ფინანსური ანგარიშსწორების საკითხის მნიშვნელობაც და საქართველოს დამოკიდებულება საფასურის რუბლში გადახდასთან დაკავშირებით. გაზის საფასურის რუბლში გადახდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა ე.წ. არამეგობრული სახელმწიფოების მიმართ, რომლის შეუსრულებლობის გამო რამდენიმე ევროპულ ქვეყანას გაზის მიწოდება უკვე შეუწყდა.

„განსასაზღვრია, ყველა რუსულ საფინანსო ორგანიზაციაზე სანქციის გავრცელების შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს ანგარიშსწორება - რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით ქვეყანას. მართალია, რუსეთისთვის არ არის კომერციულად მნიშვნელოვანი საქართველოს მიერ შესყიდული ბუნებრივი გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნა, თუმცა ასეთი მოთხოვნის წამოჭრის შემთხვევაში, რომელსაც უდავოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება, მთავრობას უნდა ჰქონდეს დასავლურ პარტნიორებთან შეთანხმებული პოზიცია“,- აღნიშნულია კვლევაში.