
"ვითიბი ბანკი" საქართველოს ტოვებს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კოსტინმა Interfax-ს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო გამონაკლისია, რადგან ბანკი სხვა ბაზრებზე რჩება.
"ჩვენ არსად ვყიდით [შვილობილი ბანკებს], ერთი შემთხვევის გარდა. პრინციპული პოზიცია გვაქვს - ყველგან ვრჩებით. მხოლოდ საქართველოს ვტოვებთ, მაგრამ იქ სხვა სიტუაციაა. თუმცა ვრჩებით სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთში და ინდოეთში და ეროვნულ და კერძო ბანკებთან თანამშრომლობის საკითხებს ვავითარებთ, რათა გავხდეთ საკვანძო ბანკი ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებისას. ამ ქვეყნებში ბიზნესის პერსპექტივას ვხედავთ", - თქვა კოსტინმა.
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების დაწესებამდე "ვითიბი ჯგუფი" მოიცავდა 20-ზე მეტ საკრედიტო და ფინანსურ კომპანიას, აქტივების საერთო მოცულობა 2022 წლის დასაწყისში 20,9 ტრილიონი რუბლი იყო.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო ბანკ „ვითიბის“ სანქციები დაუწესა, რაც საქართველოში მოქმედ „ვითიბი ბანკ საქართველოზეც“ გავრცელდა. შედეგად სანქცირებულმა ბანკმა საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი „ბაზისბანკს“, მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“ გადააბარა.
მაისის დასაწყისში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ შესაძლოა „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ გაიყიდოს. „ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, ვინ აპირებს ბანკის ყიდვას და არის თუ არა მსურველებს შორის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ლეჟავამ აღნიშნა, რომ ბანკის ყიდვით რამდენიმე ჯგუფია დაინტერესებული, რომელთა ვინაობა კონფიდენციალურია.