LIVE

როგორ ნაწილდება IDS Borjomi International-ის წილები - მინისტრის განმარტება

13 ივნ 202217:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 952
როგორ ნაწილდება IDS Borjomi International-ის წილები - მინისტრის განმარტება

ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1 104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცემა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

RISSA INVESTMENT LIMITED-ი ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული, „ბორჯომის“ მმართველი კომპანიაა. სანქცირებული ფრიდმანის კომპანიის შვილობილ RISSA INVESTMENT LIMITED-თან საქართველოს მთავრობამ ორი დოკუმენტისგან შემდგარი შეთანხმება გააფორმა.

გარიგების შედეგად IDS BORJOMI International-ის წილები ასე გადანაწილდა: 

  • ERASMONY LIMITED - აქციების 49.99%;

  • Black Waters Limited - აქციების 38.48%;

  • საქართველოს სახელმწიფო - აქციების 7.73%;

  • მინორიტარი აქციონერები - აქციების 3.79% (ბორჯომის ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი).

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს „IDS ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში ორი დირექტორი ეყოლება. ერთი ხმის უფლების მქონე, ერთი კი დამკვირვებელი დირექტორი.  

„ხმის უფლების მქონე დირექტორი ასევე იქნება, დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი. მას ექნება წარმმართველი როლი. ანუ, 2 დირექტორი ეყოლება ERASMONY LIMITED-ს, 2 დირექტორი Black Waters Limited-ს და ერთ აქციონერს, რომელიც გადამწყვეტი ხმის უფლების მქონეა და დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელია, წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, სახელმწიფოს კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება შეუძლია. შესაძლებელია, მეორე ჯგუფმა, არასანქცირებული აქციონერების ჯგუფმა, მოახდინოს დელეგირება მმართველობის კუთხით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე და სახელმწიფომ სრულად შეძლოს კომპანიის მმართველობა. ესეც განსაზღვრულია ხელშეკრულებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, IDS BORJOMI International-მა, რომლის საკონტროლო პაკეტი სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა, ბორჯომის წარმოება 29 აპრილიდან შეაჩერა

IDS Borjomi International მინერალური წყლების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა. მისი ნაწილია IDS Borjomi Georgia, რომელიც საქართველოში „ბორჯომის“ ოფიციალური მწარმოებელია. IDS Borjomi International ბალტიისპირეთისა და დსთ-ს ქვეყნებში ოპერირებს და საქართველოს გარდა მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიები უკრაინასა და რუსეთშიც აქვს.