LIVE

სანქცირებული VTB-ის ბიზნეს კლიენტების ნაწილს "ლიბერთი ბანკი" გადაიბარებს

03 მარ 202220:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 1076
სანქცირებული VTB-ის ბიზნეს კლიენტების ნაწილს "ლიბერთი ბანკი" გადაიბარებს

"ვითიბი ბანკ საქართველოს" მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების პორტფელს "ლიბერთი ბანკი" გადაიბარებს. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, გადაწყვეტილება მიღებულია და მომხმარებლებს ბანკები დეტალურ ინფორმაციას ინდივიდუალურად აწვდიან.

"მომხმარებლების პორტირებაზე მუშაობა დაწყებულია და 3 მარტიდან ეტაპობრივად სს "ვითიბი ბანკი საქართველოს" მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს "ლიბერთი ბანკი" თავის ფილიალებში მოემსახურება. შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნებათ სს "ვითიბი ბანკი საქართველოს" მომხმარებლებს. ინფორმაციის მიღება ასევე  შესაძლებელი იქნება სს "ვითიბი ბანკ საქართველოს" ქოლცენტრსა და მომსახურე ბანკირებთან",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას სანქციები დაუწესა, რომლებიც გავრცელდა საქართველოში მოქმედ სს "ვითიბი ბანკ საქართველოზეც". შედეგად, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი "ბაზისბანკზე" გაიყიდა.