LIVE

ევროზონაში ინფლაცია ყველა დროის მაქსიმუმამდე დაჩქარდა

31 მაი 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 862
ევროზონაში ინფლაცია ყველა დროის მაქსიმუმამდე დაჩქარდა

ევროზონაში ინფლაცია ყველა დროის მაქსიმუმამდე დაჩქარდა. ფასების ზრდა ევროპის ცენტრალურ ბანკზე (ECB) რეფინანსირების განაკვეთის ისტორიული მინიმუმიდან სწრაფად გასაზრდელად ზეწოლას აძლიერებს.

სამომხმარებლო ფასები წინა წლის მაისიდან 8.1%-ით გაიზარდა და Bloomberg-ის გამოკითხვის საშუალო მაჩვენებელს, 7.8%-ს გადააჭარბა. ზრდა ძირითადად განპირობებული იყო საკვებისა და ენერგიის გაძვირებით.

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში რეფინანსირების განაკვეთების ზრდის პარალელურად, ECB-ი ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, სესხის აღების ღირებულების გასაზრდელად ემზადება. თუმცა, რუსეთის შეტევა უკრაინაზე ევროზონის ეკონომიკისთვის უდიდეს რისკად რჩება.

პარალელურად, წარმოების ღირებულების მკვეთრი ზრდისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებების ფონზე, შენელდა გამოშვებაც. რუსულ ნავთობზე ევროკავშირის აკრძალვა კი ფასებზე ზეწოლას კიდევ უფრო ზრდის.

ევროპის მთავრობებმა რიგი ზომები მიიღეს შინამეურნეობებზე ზეწოლის შესამცირებლად. მიუხედავად ამისა, მიმდინარე თვეში ფასები რეკორდულად გაიზარდა საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში. გაერთიანებულ სამეფოში ინფლაცია მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობის შემდეგ ყველაზე მეტად გაიზარდა და 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

მას შემდეგ, რაც გერმანიის ინფლაცია 8.7%-მდე დაჩქარდა, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლას „უმაღლესი პრიორიტეტი“ მიანიჭა და ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის შეწყვეტას მხარდაჭერა გამოუცხადა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ვებერი