LIVE

გერმანიაში ინფლაციამ ახალ რეკორდს მიაღწია

30 მაი 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 619
გერმანიაში ინფლაციამ ახალ რეკორდს მიაღწია

გერმანიაში ინფლაციამ მორიგ რეკორდულ დონეს მიაღწია. დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ევროპის უდიდეს ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, გასულ წელთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 8,7%-ით გაიზარდა. ფასების დონის ზრდის მთავარი კონტრიბუტორი გაძვირებული ენერგია და სურსათია.

ეს მაჩვენებელი აღემატება Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების პროგნოზს, რომლის მიხედვითაც ექსპერტები გერმანიაში ინფლაციის 8.1%-იან ზრდას ელოდნენ.  

მომავალ კვირას დაგეგმილია ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) გადამწყვეტი შეხვედრა, სადაც ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, აქტივების ფართომასშტაბიანი შესყიდვების დასრულების შესახებ განაცხადებენ და პირველად ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ივლისში საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გეგმებს დაადასტურებენ. პოლიტიკის შემქმნელები აცხადებენ, რომ განაკვეთი მეოთხედი პუნქტის ნაცვლად, ნახევარი პუნქტით უნდა გაიზარდოს.  

ინფლაციის ზრდა აძლიერებს ზეწოლას მთავრობაზე. ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა დღეს ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და "უმაღლესი პრიორიტეტი" უწოდა. მან ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის დასრულებას მხარი დაუჭირა.

"ინფლაცია უზარმაზარი ეკონომიკური რისკია. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მას, რომ ავიცილოთ ეკონომიკური კრიზისი", - განაცხადა ლინდნერმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გერმანიაში პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო შეღავათების პაკეტი, რომელიც მოიცავს ერთჯერად დახმარებას, ბავშვისთვის გამოყოფილ დანამატს და ელექტროენერგიის შემცირებულ ხარჯებს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ოჯახებისა და ბიზნესების დასაცავად, შესაძლოა ზომები გააძლიერონ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჟანა რენდოუ