LIVE

ყაზახეთში საუკეთესო CEO-დ კვლავ მიხეილ ლომთაძე დასახელდა

12 აპრ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1252
ყაზახეთში საუკეთესო CEO-დ კვლავ მიხეილ ლომთაძე დასახელდა

ყაზახეთში PricewaterhouseCoopers-ის 2022 წლის ბიზნეს-კომპანიების ყოველწლიურ გამოკითხვაში, კომპანიის საუკეთესო ლიდერად კვლავ ქართველი ბიზნესმენი, Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი მიხეილ ლომთაძე დასახელდა

ყაზახეთში კომპანიის საუკეთესო ლიდერად უკვე მე-5 წელია მიხეილ ლომთაძე სახელდება.  

"მადლობა PwC-ს კვლევის ორგანიზებისთვის და მის ყველა მონაწილეს ჩვენი მუშაობის დაფასებისთვის. ეს არის ჯილდო მთელი ჩვენი გუნდისთვის, რომელიც მუდმივად დაუღალავად მუშაობს ახალი სერვისების დასაწყებად და ყოველთვის ცდილობს გაახაროს ჩვენი საყვარელი მომხმარებლები უნიკალური ინოვაციებით, რომლებიც აუმჯობესებს ცხოვრებას. წარმოუდგენლად ვამაყობ, რომ ვარ Kaspi.kz-ის ასეთი უნიკალური, პროფესიონალი, საოცარი გუნდის ნაწილი. მადლობა თითოეულ ჩვენს საყვარელ მომხმარებელს ჩვენთან ყოფნისთვის", - აცხადებს ბიზნესმენი. 

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის 71 უმსხვილესი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ Kaspi.kz სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციის მაღალი ხარისხით, ახალი თანამედროვე სერვისების სწრაფი დანერგვითა და მომხმარებლების ნდობით გამოირჩევა. 

PwC აღნიშნულ კვლევას მთელს მსოფლიოში 25 წელია ატარებს. ყაზახეთი მასში 10 წელია ჩართულია. კვლევის მთავარი მიზანია გაარკვიოს ლიდერების აზრი გლობალურ და ეროვნულ ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, გაეცნოს რისკ ფაქტორებსა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს.

მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მიხედვით, ამჟამად $2.9 მილიარდის ქონებას ფლობს. მიმდინარე წლის დასაწყისში ყაზახეთში არეულობის დროს ინტერნეტის გათიშვამ და ბანკების დახურვამ ფინტექ კომპანია Kaspi.kz-ს და მის უკან მდგომი მილიარდერებს, მათ შორის, მიხეილ ლომთაძეს ძლიერი დარტყმა მიაყენა.  გასული წლის 27 ოქტომბერს ბიზნესმენი $6.48 მილიარდით Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 448-ე ადგილს იკავებდა. ამჟამად ის Bloomberg-ის მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანის სიაში აღარ შედის. 

მიხეილ ლომთაძე Kaspi.kz-ის, ყაზახეთში უმსხვილესი გადახდისა და fintech-ის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია ახორციელებს ონლაინ გადახდის, შოპინგისა და პირადი ფინანსების მომსახურებას ყაზახეთსა და აზერბაიჯანში.