წარმოშობით ქართველი, ყაზახეთში მომუშავე ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Forbes-ს შემდეგ, Bloomberg-ის მილიარდერთა სიაშიც შევიდა. გამოცემის მიხედვით, დღეისთვის ის $6.48 მილიარდს ფლობს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 448-ე ადგილს იკავებს.
ლომთაძე Kaspi.kz-ის, ყაზახეთში უმსხვილესი გადახდისა და fintech-ის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია ახორციელებს ონლაინ გადახდის, შოპინგისა და პირადი ფინანსების მომსახურებას ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. Kaspi.kz საჯაროდ ვაჭრობს ლონდონში. 2020 წელს კომპანიას დაახლოებით $6.7 მილიარდის აქტივები ჰქონდა.
ამჟამად ყველაზე მდიდარი ქართველი ბიზნესმენი 1975 წელს ბათუმში დაიბადა. მან განათლება ჯერ საქართველოში, შემდეგ კი ჰარვარდის ბიზნესსკოლაში მიიღო.
მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მას 43 ადგილით ჩამორჩება. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი $6.05 მილიარდით 491-ე ადგილს იკავებს. ივანიშვილი სიიდან ივნისის დასაწყისში ამოვარდა, თუმცა უმდიდრესი ადამიანების 500-ეულს მალევე დაუბრუნდა.