LIVE

ADB Ventures-მა ქართული სტარტაპი TelAgri დააფინანსა

12 ოქტ 202612:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 89
ADB Ventures-მა ქართული სტარტაპი TelAgri დააფინანსა
TelAgri

აზიის განვითარების ბანკმა (ADB), საკუთარი ვენჩურული კაპიტალის ფონდის, ADB Ventures-ის მეშვეობით, კაპიტალის ინვესტიცია განახორციელა TelAgri-ში. აღსანიშნავია, რომ ეს არის ADB Ventures-ის პირველი ინვესტიცია საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში, თუმცა თანხის მოცულობა ამ ეტაპზე არ სახელდება.

TelAgri, თბილისში დაფუძნებული აგროტექნოლოგიური და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც სატელიტური მონაცემებისა და ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული რისკების ანალიზის მეშვეობით ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტებას.

ADB მიიჩნევს, რომ მისი ინვესტიცია გააძლიერებს TelAgri-ის გაფართოებას განვითარებად ბაზრებზე, რაც ფინანსურ ინსტიტუტებს უფრო სწრაფი და ინფორმირებული საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მისცემს და გაზრდის ფერმერების ფინანსებზე წვდომას.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (UNFAO) და ADB-ის შეფასებით, სოფლის მეურნეობა განვითარებად ეკონომიკებში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფინანსებული დარგია და დაფინანსებაზე წვდომა არ აქვს მცირე ფერმერების 70%-მდე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ ხშირად ფინანსურ ორგანიზაციებს არ აქვთ მეურნეობებზე სანდო მონაცემები. TelAgri ამ გამოწვევას პასუხობს სატელიტური გამოსახულებების, ხელოვნური ინტელექტისა და აგრონომიული ექსპერტიზის ერთობლიობით, რაც ბანკებს ეხმარება მეურნეობების რისკების შეფასებაში, სასესხო პორტფელების მონიტორინგსა და პოტენციური პრობლემების დროულ, დეფოლტამდე გამოვლენაში.

„სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია. TelAgri ადგილობრივი ინოვაციის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც მეტისმეტად პრაქტიკულ გამოწვევას პასუხობს,“ - განაცხადა ლესლი ბეარმან ლამმა, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში. „ADB-ის მხარდაჭერით, TelAgri მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის მათ, ვინც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და ფინანსებთან დაკავშირებულ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრადობის გაძლიერებასა და უფრო ძლიერი და მდგრადი ეკონომიკების განვითარებას საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში.“

კომპანია უკვე თანამშრომლობს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან და სახელმწიფო პარტნიორებთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და სთავაზობს მათ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტებას, პორტფელების მონიტორინგსა და სასურსათო უსაფრთხოების დაგეგმვას. ამდენად, არის მოლოდინი, რომ ინვესტიცია TelAgri-ს დაეხმარება დააჩქაროს პროდუქტის განვითარება, შევიდეს ახალ ბაზრებზე, გააძლიეროს პარტნიორობა ბანკებთან და მთავრობებთან და კიდევ უფრო დახვეწოს აგრარული ანალიტიკის პლატფორმა. 

„ეს ინვესტიცია ჩვენი ხედვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომლის მიზანია შევქმნათ მონაცემთა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარებად ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო დაფინანსებას განაპირობებს. ერთად შეგვიძლია დავეხმაროთ ფინანსურ ინსტიტუტებს უფრო თავდაჯერებულად გასცენ სესხები და ამავდროულად მილიონობით ფერმერს კაპიტალზე წვდომა გაუზარდონ,“ განაცხადა ირაკლი ჩიქავამ, TelAgri-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა.

ADB Ventures ინვესტიციებს ახორციელებს ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ კომპანიებში, რომლებიც ავითარებენ გადაწყვეტილებებს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ განვითარების მნიშვნელოვან გამოწვევებზე საპასუხოდ. ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სექტორებს, როგორიცაა აგროტექნოლოგია, ფინანსური ტექნოლოგიები, კლიმატის მიმართ მდგრადობა და ინკლუზიური ზრდა.