LIVE

ბანკები თაღლითობის აღკვეთას ანგარიშიდან თანხის მოხსნამდე შეძლებენ

23 სექ 202611:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 60
ბანკები თაღლითობის აღკვეთას ანგარიშიდან თანხის მოხსნამდე შეძლებენ

Visa-ს მიერ წარდგენილი A2A Protect-ის გაუმჯობესებული ვერსია ბანკებს საშუალებას აძლევს თაღლითობა მომხმარებლის ანგარიშიდან თანხის მოხსნამდე აღკვეთონ.

კომპანია განმარტავს, A2A Protect იყენებს მოწინავე ხელოვნურ ინტელექტსა და ტრანსფერულ სწავლებას, რის საფუძველზეც ბანკები გლობალური A2A ტრანზაქციების შესახებ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას დაუყოვნებლივ იღებენ ისე, რომ თვეების განმავლობაში საკუთარი მონაცემების დამუშავება ან სხვა ბანკების ლოდინი არ სჭირდებათ. ეკოსისტემაში ჩართულ ბანკებს სამომავლო საფრთხეების უკეთ აღმოსაჩენად ქსელური დონის სიგნალების ინტეგრირებაც შეუძლიათ.

„თაღლითები ნებისმიერი ტიპის გადახდებზე ნადირობენ, ამიტომ ფინანსური დაწესებულებებისთვის აუცილებელია რისკის შესახებ გაფრთხილება მაქსიმალურად სწრაფად მიიღონ ისე, რომ ლეგიტიმური გადახდები არ შეფერხდეს“, ამბობს უოლტერ ლირონი, Visa-ს ვიცე-პრეზიდენტი, Value-Added Services-ის ხელმძღვანელი CEMEA-ს რეგიონში. 

საქმე იმაშია, რომ ანგარიშებს შორის (A2A) გადახდების პოპულარობა მთელ მსოფლიოში იზრდება და Juniper Research-ის თანახმად, 2028 წლისთვის 5.8 ტრილიონს გადააჭარბებს, რაც 2024 წლის მონაცემს 160%-ით აღემატება. მზარდი გადარიცხვების ფონზე, ინფორმაციის გაცვლის ქსელში ჩართულ ფინანსურ დაწესებულებებს A2A Protect ინფორმაციას აწვდის თაღლითობის ახალი კერებისა და კოორდინირებული თაღლითობის შესახებ.

"ცალკეული ბანკებისთვის ამის შემჩნევა ძნელია, ერთიან ეკოსისტემაში კი საფრთხეების აღმოჩენა მარტივდება. ამგვარად, ფინანსური დაწესებულებები რისკებს უფრო ადრე და ნათლად დაინახავენ, რაც მათ თაღლითობის მცდელობების ავტორიზაციამდე დაფიქსირებაში დაეხმარებათ," განმარტავენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ბანკების უკვე არსებულ სისტემებში A2A Protect-ის ინტეგრირება სულ ერთი API-ს მეშვეობით ხდება, რაც დანერგვის დროსა და სირთულეს ამცირებს. თითოეული გაფრთხილება მოიცავს სასაუბრო ენაზე ახსნილ ინფორმაციას განგაშის მიზეზის შესახებ. შესაბამისად, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა სწრაფად, ლეგიტიმური მომხმარებლების შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.