LIVE

ОДКБ ყაზახეთში ჯარს შეიყვანს - შეტაკებები გრძელდება

06 იან 202210:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 1620
ОДКБ ყაზახეთში ჯარს შეიყვანს - შეტაკებები გრძელდება

ყაზახეთში დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები არ წყდება. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

ამჟამად შეიარაღებული დაპირისპირებაა ქალაქ ალმათის მთავარ მოედანზე, სადაც 50-მდე სამხედრო ტექნიკაა განთავსებული, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტი და სამხედრო სატვირთო მანქანები შეიარაღებული უსაფრთხოების ძალებით.  რუსული მედიის ცნობით, ადგილზე 200-მდე შეიარაღებული დემონსტრანტია.

პრეზიდენტმა კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დახმარება სთხოვა. ტოკაევი ირწმუნება, რომ მიმდინარე პროტესტი ტერორისტული ქმედება და გარე აგრესიის აქტია, რაც საფრთხეს სახელმწიფოს მთლიანობას უქმნის. 

“ისინი ამჟამად ალმათისა და სხვა ქალაქებში მძვინვარებენ. იკავებენ ინფრასტრუქტურულ შენობებს, და რაც მთავარია, იკავებენ შენობებს, სადაც თუნდაც მცირე რაოდენობის ცეცხლსასროლი იარაღი ინახება. სასწავლებლების იუნკერებს ებრძვიან. ამჟამად ალმათისთან საჰაერო-სადესანტო დანაყოფებს ებრძვიან”, - განაცხადა ტოკაევმა.

მიმართვის შემდეგ ОДКБ-მ ქვეყანაში სამხედრო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ამჟამად უცნობია, კონკრეტულად რომელი ქვეყნები გაგზავნიან ჯარს. ბლოკში დომინანტი რუსეთია და მისი წევრები არიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

“ტოკაევის თხოვნისა და ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის გათვალისწინებით, რაც გარე ჩარევითაა გამოწვეული, ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, ყაზახეთში გაგზავნოს ОДКБ-ს კოლექტიური მშვიდობისმყოფელი ძალები”, - წერს ფაშინიანი Facebook გვერდზე.

ყაზახეთში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა შეერთებული შტატები. თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და მხარეებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. თეთრი სახლის სპიკერმა  რუსეთის განცხადებებს არეულობის გაღვივებაში აშშ-ს მონაწილეობის შესახებ “სრულიად ცრუ” უწოდა.

ყაზახეთის ცენტრალურმა ბანკმა დროებით შეაჩერა ბანკებისა და საფონდო ბირჟის ოპერაციები. ეს ნაბიჯი განხორციელდა "ანტიტერორისტული ოპერაციების" დროს და ფინანსური სექტორის თანამშრომლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნარიმან გიზიტდინოვი და ილია არქიპოვი