28 თებერვლიდან დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსეთის სახელმწიფო ბანკი „ვითიბი“ იპოთეკური სესხების განაკვეთს 4 პროცენტული პუნქტით ზრდის. მინიმალურ განაკვეთად 15,3% განისაზღვრა როგორც დასრულებული, ასევე მშენებარე საცხოვრებლისთვის.
„აუცილებლად მიგვაჩნია, რომ შევინარჩუნოთ მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ბანკის საკრედიტო რესურსებზე, მაგრამ "ვითიბის" მიმართ გამოცხადებული სანქციების კონტექსტში, იძულებულნი ვართ გადავხედოთ იპოთეკური სესხის პარამეტრებს“,- განმარტავენ „ვითიბიში“
როგორც interfax.ru წერს ბაზარზე განაკვეთების მკვეთრი ზრდის გამო „ვითიბიმ“ ასევე გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს იპოთეკური სესხის რეფინანსირების განცხადებების განხილვა.
„ბანკი აგრძელებს ყველა მომხმარებლის მომსახურებას, ჩვენ მზად ვართ ინდივიდუალურად განვიხილოთ ჩვენი მსესხებლების თითოეულ საკითხი. მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მხარდაჭერით ყველა ღონეს ვიხმართ, რომ უზრუნველვყოთ სტაბილური განვითარება. საბინაო მშენებლობა და იპოთეკური დაკრედიტების ბაზარი რუსეთში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ დაკრედიტების ბაზრის „გაგრილების“ ღონისძიება დროებითი იქნება და ბანკები მალე შეძლებენ დაუბრუნდნენ უფრო ხელმისაწვდომ განაკვეთებს“,- აცხადებენ ბანკში.
პარალელურად, უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის სანქციების ზეწოლის ფონზე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5 პროცენტული პუნქტით 20%-მდე გაზარდა, რაც რუს მომხმარებლებს სესხს მნიშვნელოვნად გაუძვირებს.
შეგახსენებთ, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-მ სანქციები დაუწესა Сбербанк-ს, ВТБ-ისა და Совкомбанк-ს. შესაბამისად „ვითიბის“ აქტივები აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში გაყინულია.
სანქციები ვრცელდება „ვითიბი ბანკ ჯორჯიაზეც". „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე გაიყიდება. შესაბამისად, "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება "ბაზის ბანკის" მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც "ბაზის ბანკის", აგრეთვე "ვითიბი ბანკის" ფილიალებში.