LIVE

პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ბრძანება გასცა

24 თებ 202207:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1517
პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლახან დონბასის რეგიონში "სამხედრო ოპერაცია" გამოაცხადა.

პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინის დაპყრობას არ გეგმავს და ოპერაციის მიზანი სამოქალაქო პირების დაცვაა. მისი თქმით, უკრაინელ ხალხს შეეძლება "თავისუფლად აირჩიოს", ვინ მართოს ქვეყანა.

პუტინი ამბობს, რომ უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის შეტაკებები "გარდაუვალია" და "მხოლოდ დროის საკითხია".

სატელევიზიო მიმართვაში მან აღმოსავლეთ უკრაინის საბრძოლო ზონაში უკრაინელ ჯარისკაცებს მოუწოდა, დადონ იარაღი და დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ "პუტინმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ეს აგრესიის ომია". მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა "თავს დაიცავს", ხოლო "მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი".

"რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში დაადასტურა, რომ მისმა პრეზიდენტმა "ომი გამოუცხადა ჩემს ქვეყანას", - ამბობს გაეროში უკრაინის ელჩი სერგი კისლიცა. 

BBC-ის რეპორტიორი ამბობს, რომ კიევში ხუთიდან ექვსამდე "შორეული აფეთქების" ხმა გაისმა და ამბობს, რომ არსებობს ცნობები ქვეყნის სხვა ნაწილებში აფეთქებების შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ბელგოროდის პროვინციაში აფეთქების ხმა გაიგო. ტერიტორია უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. 

CNN-ის რეპორტიორი ხარკოვიდან იტყობინება, რომ ძლიერი აფეთქების ხმები ისმის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო რუსეთის "არაპროვოცირებული და გაუმართლებელი" თავდასხმა უკრაინაზე. მან პირობა დადო, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მოსკოვს პასუხს აგებინებენ.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პუტინმა სამხედრო ოპერაციის შესახებ განცხადება იმ დროს გააკეთა, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭო მას შეჩერებას სთხოვდა. 

თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ესაუბრება.