LIVE

მოსაზრება: 2021 ილონ მასკის წელი იყო

26 დეკ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1090
მოსაზრება: 2021 ილონ მასკის წელი იყო
Samuel Corum/Bloomberg

გასულ კვირას Time-მა "წლის ადამიანი" წარადგინა. 2021 წელი პანდემიის, მიწოდების ჯაჭვის კრიზისისა და კლიმატის ცვლილების გამო, რა თქმა უნდა მძიმე წელი იყო.

თუმცა, წლის ადამიანი, რომელიც ჟურნალმა აირჩია კლოუნად, გენიოსად, პროვოკაციულ პერსონად და ინდუსტრიალისტად წოდებული ილონ მასკი აღმოჩნდა. მასკი ამ ტიტულის მფლობელი ეგზისტენციალური კრიზისის გადაჭრის გზების შექმნის, ტექნოლოგიური ტიტანების ერაში შესაძლებლობებისა და საფრთხეების და საზოგადოებისთვის ყველაზე გაბედული და დამღუპველი ტრანსფორმაციის განსახიერებისთვის გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევანმა ყველა არ გაახარა, უნდა ვაღიაროთ, რომ წელს ილონ მასკის არსებობაზე, მისი Twitter-ის ანგარიშსა და ფინანსურ ბაზრებზე გავლენაზე ფიქრს დიდი დრო დაეთმო.

ის ახლა, სულ მცირე ქაღალდზე, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. მასკმა 2021 წელს იმაზე მეტი სიმდიდრე შეიძინა, ვიდრე Berkshire-მა შემოსავლის სახით მიიღო.

თუმცა, სამართლიანები რომ ვიყოთ, Tesla-ს ნამდვილად კარგი წელი აქვს. ის მუდმივად მომგებიანი კომპანია გახდა და მიწოდების კრიზისსაც საკმაოდ კარგად გაართვა თავი. 

ამავდროულად, მიმდინარე წელს SpaceX-ი კომერციულ კოსმოსურ გაშვებებში დომინანტი გახდა. Planetary Society-ის მიხედვით, Apollo-ს პროგრამაში თითო ადგილის ფასი $390 მილიონი იყო, როდესაც ეს ციფრი კოსმოსური შატლისთვის $170 მილიონია. ამასთან, NASA-ს აუდიტის შეფასებით, SpaceX Crew Dragon-ის თითო ადგილის ღირებულება $55 მილიონს შეადგენს.

მიუხედავად ყველაფრისა, ერთი რამ, რისთვისაც მასკს პოპულარობა უწერია მისი ენთუზიაზმით სავსე ტვიტებია. 2021 წელს მან 2,981 ტვიტი გამოაქვეყნა. მასკის მიხედვით, ამ ტვიტების 50% უნიტაზზე ჯდომისას დაიწერა. ინფორმაცია დამაჯერებლად ჟღერს, რადგან 15-ის გარდა ყველა iPhone-დან არის გაგზავნილი. დაკავებულ დირექტორს სქროლვისთვის სხვა დრო როდის უნდა ჰქონდეს?

მასკის ტვიტებიდან ბევრი შემთხვევითი აზრები, მიმები და კომპანიების შესახებ სიახლეებია. თუმცა ისინი პრობლემებსაც იწვევენ ან სულაც ბიტკოინის და მასკის საყვარელი Dogecoin-ის ფასს ადგენენ. კრიპტოს გარდა, მის ტვიტებს ნებისმიერი აქციის ფასის წარმოუდგენელ სიმაღლეებამდე გაზრდაც შეუძლია. წელს რამდენჯერმე დამტკიცდა აზრი, რომ ფინანსებში ახლა რაღაცების ღირებულება იმით კი არ დგინდება, როგორი ფულადი ნაკადები აქვთ მათ, არამედ მასკთან სიახლოვით.

ვერ დავივიწყებთ იმ შემთხვევასაც, როცა Tesla-ს დირექტორმა Twitter-ზე გამოკითხვა ჩაატარა ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად. მან ინტერნეტში ხალხს ჰკითხა უნდა გაეყიდა თუ არა კომპანიის წილის 10%, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

მასკის მიერ 2021 წლის დახურვის პარალელურად, საინტერესო საკითხია რა მოხდებოდა Tesla-ს კერძო კომპანიად გადაქცევის შემთხვევაში, როგორც მასკმა ერთხელ Twitter-ზე დაიმუქრა. აღსანიშნავია, რომ საჯარო ბაზრები კომპანიის მიმართ უკიდურესად გულუხვი აღმოჩნდა. Tesla-ს კაპიტალის ღირებულება წარმოუდგენლად დაბალია, რადგან ის რამდენიმე პროფესიონალი კერძო ინვესტორის ნაცვლად ფულს Tesla-ს ენთუზიასტების არმიისგან აგროვებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Tesla-ს კერძო კომპანიად გადაქცევის შემთხვევაში, ილონ მასკი მსოფლიოს მდიდარი ადამიანი არ იქნებოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლარა უილიამსი