LIVE

ღარიბაშვილი: პირდაპირი ფრენები რუსეთთან ჩვეულებრივი ამბავია

24 მაი 202311:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 378
ღარიბაშვილი: პირდაპირი ფრენები რუსეთთან ჩვეულებრივი ამბავია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები ჩვეულებრივი ამბავია.

კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას მან განმარტა, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენები, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილია.

„ეს არის რუსეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ მასთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს შევაჩერებდით.

ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია, სანქცირებული ავიახაზი არ იფრენს საქართველოში.

აშშ არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორი. მადლიერი ვართ ყველაფრისთვის რაც აშშ-სა და ევროკავშირს გაუკეთებია ჩვენთვის. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები.

1 მლნ ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ. როგორც ვახსენე, ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი, ისევე როგორც ევროკავშირი და აშშ აკეთებს ამას რუსეთთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეკონომიკური ფორუმის წამყვანის კითხვაზე, ფრენების ნაწილში მისი საუბარი ემთხვევა თუ არა პუტინის ნარატივს, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ  - არა.

შეგახსენებთ, 19 მაისს პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავმა შეასრულა. 

20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო Georgian Airways-მაც. 

ცნობილია, რომ ავიარეისებს ასევე შეასრულებს რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაგან ფრენების დაწყების შესახებ ნებართვა უკვე მიიღო. Red Wings-ის ფრენები სოჭი-თბილისი-სოჭისა და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ Red Wigns-ი უკრაინისა და აშშ-ის ხელისუფლებების მიერ სანქცირებულია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.