მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭი და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. ამის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
"ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება.
მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი უკრაინისა და აშშ-ის ხელისუფლებების მიერ არის სანქცირებული.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა 10 მაისს გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის ნებართვა 15 მაისს უკვე გასცა რუსულ ავიაკომპანიაზე. სააგენტოს განცხადებით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის მიერ ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის ხაზზე, 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.
მოსკოვიდან თბილისში მომავალი Azimuth-ის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, საქართველოს დროით 13:10 საათზე დაჯდება.
ცნობილია, რომ მოსკოვის მიმართულებით და უკან პირდაპირ რეისებს Georgian Airways-იც შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.