LIVE

Georgian Airways-ის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

20 მაი 202311:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 626
Georgian Airways-ის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

2023 წლის 20 მაისს, 4 წლის შემდეგ პირველად, Georgian Airways-ის თვითმფრინავმა თბილისი-მოსკოვის რეისი შეასრულა. თვითმფრინავი ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ბორტის დაახლოებით 80% სავსე იყო. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ავრცელებს.

რეისზე რეგისტრაციის დროს რამდენიმე მგზავრმა განაცხადა, რომ ისინი მოხარულები არიან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებით.

გარდა ამისა, გავრცელდა Georgian Airways-ის პილოტის, ირაკლი მეზვრიშვილის განცხადება:  „დღეს ბედნიერი ვარ: თითქმის ოთხი წლის შემდეგ ისევ ვჯდები მოსკოვში მიმავალი თვითმფრინავის საჭესთან. პირდაპირი კავშირი სასარგებლო და სწორია. მოვესწარით!“

19 მაისს პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავმა უკვე შეასრულა. თვითმფრინავის ბორტზე სულ 86 მგზავრი იმყოფებოდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა სადაც 6 ადამიანი დააპატიმრეს.

ავიარეისებს ასევე შეასრულებს რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაგან ფრენების დაწყების შესახებ ნებართვა უკვე მიიღო. Red Wings ფრენები სოჭი-თბილისი-სოჭისა და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ Red Wigns უკრაინის და აშშ-ის ხელისუფლებების მიერ არის სანქცირებული.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა 10 მაისს გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის ნებართვა 15 მაისს უკვე გასცა რუსულ ავიაკომპანიაზე. Azimuth ფრენებს კვირაში 7-ჯერ შეასრულებს. მოსკოვსა და თბილისს შორის ასევე კვირაში 7-ჯერ შესრულდება Georgian Airways-ის ავიარეისები.