LIVE

5%-ზე მაღალი ზრდა, ინფლაცია 3%-ზე ქვევით - სავალუტო ფონდის პროგნოზები

11 მაი 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 556
5%-ზე მაღალი ზრდა, ინფლაცია 3%-ზე ქვევით - სავალუტო ფონდის პროგნოზები

2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5%-ზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება,- ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასება. 

სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზი გაუმჯობესებულია. აქამდე ორგანიზაცია ზრდას 4-5%-ის ფარგლებში ელოდა.

ამასთან, როგორც სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღინიშნა, წელს საქართველოში ინფლაცია ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება. 

"საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუმჯობესება შეუწყობს ხელს. 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება",- აღნიშნულია სავალუტო ფონდის შეფასებაში.

საქართველოს მთავრობამ 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა. ეროვნულმა ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და ელის, რომ ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება. აქამდე სებ 4%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7.2% იყო. რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, წინასწარი შეფასებით, 2022 წელს ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.1% იყო. საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ორნიშნა ზრდის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიგრანტების ეფექტი სახელდება. 

რაც შეეხება ინფლაციას, ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ 2023 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება. 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.7%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა, წლიური ინფლაცია კი 2.7% იყო.