LIVE

I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა - საქსტატი

28 აპრ 202311:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 483
I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7.2% იყო.

მარტში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ასევე სასტუმროები და რესტორნები. 

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორებში. 

საქსტატის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 24.7%-ით, ხოლო იმპორტი - 21%-ით. 

მხოლოდ მარტში საქართველოში, 7 133 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.7%-ით შემცირდა. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პაატა შავიშვილის განცხადებით, კლება ძირითადად განპირობებულია უცხოური ინდმეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის შემცირებით. 

მარტში, წლიურად 9.2%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მლრდ 269 მლნ ლარს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4-5%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება. ასევე 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი (ADB). Galt & Taggart-ის თანახმად კი, გაზრდილია ალბათობა, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდოს

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.1% იყო. 

გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზად არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მიგრანტების ნაკადს ასახელებდა, რამდენადაც იმიგრანტების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე, მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა ეკონომიკური ზრდა წაახალისა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.