სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.7%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 2.7% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 4.7%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9%-ით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული - ფასების წლიური ზრდა 10.8%;
- რძე, ყველი და კვერცხი - 10.1%;
- პური და პურპროდუქტები - 9.2%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.1%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 8.7%;
- თევზეული - 6.7%;
- ყავა, ჩაი და კაკაო - 3.4%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 1.5%;
- ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე - 14.8%;
- ფასები ასევე შემცირდა ხილსა და ყურძენზე - 4.4%.
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.3%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (31%) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.6%).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9%-ით. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.5%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.8%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (8%).
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9%-ით. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.7%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.3%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.6%).
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3% შეადგინა.