LIVE

მესტვირიშვილი ინფლაციაზე: ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს 1%-ის ფარგლებში იქნება

10 მაი 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 401
მესტვირიშვილი ინფლაციაზე: ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს 1%-ის ფარგლებში იქნება

ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ 2023 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, მარეგულირებელი ელის, რომ წლის ბოლოს ინფლაცია 1%-ის ფარგლებში იქნება.

„მოველით, რომ მთელი წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალი იქნება. წლის ბოლოსთვის ჩვენი პროგნოზი დაახლოებით 1%-ის ფარგლებშია, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, არ ვთვლით, რომ ინფლაციის შემცირება დროებითია.  

წამლებზე ფასების კლებამ მთლიანი ინფლაცია უფრო სწრაფად შეამცირა, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს სოციალურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანია, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია როგორ იქცევა.

მიუხედავად იმისა, რომ განაკვეთი შემცირდა და მოველით, რომ წლის განმავლობაში განაკვეთები კიდევ შემცირდება, მონეტარული პოლიტიკა 2023 წელს მაინც გამკაცრებული დარჩება“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.7%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, აპრილში ეს მაჩვენებელი 2.7% იყო.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10.5%-მდე შემცირდა