LIVE

IMF: 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 4-5%-ით გაიზრდება

04 მარ 202316:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 781
IMF: 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 4-5%-ით გაიზრდება

2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 4-5%-ის ფარგლებში გაიზრდება, რაც ვფიქრობთ, ქვეყნის ეკონომიკის პოტენციური ზრდის ტემპთან ახლოსაა, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF) აცხადებენ.

როგორც საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, სელიმ ჩაკირმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, სხვადასხვა სექტორში დადებითი ტენდენციები კვლავ გრძელდება, თუმცა მათ შორის მიგრანტებთან დაკავშირებული სავალუტო შემოდინებების შემცირების ფონზე, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, მიმდინარე წელს კი ველით, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შედარებით შენელდება. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ტურიზმის სექტორში ძლიერი აღდგენაა, სავალუტო შემოდინებებიც გრძელდება. ასევე ველით, რომ ენერგეტიკაში მეტი ინვესტიცია განხორციელდება სექტორში ამოქმედებული ახალი მხარდამჭერი მექანიზმის საფუძველზე. თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ არ ვიცით, როგორ გაგრძელდება მიგრანტებთან დაკავშირებული სავალუტო შემოდინებები და ამ მიმართულებით წელს შედარებით კლებაა მოსალოდნელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველო წელსაც შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, თუმცა ზრდის ტემპი შედარებით დაბალი იქნება. ზოგადად, ეკონომიკის სიჯანსაღისთვისაც კარგია, როდესაც ორი წლის მანძილზე ორნიშნა ზრდის შემდეგ გარკვეული შენელება იქნება. ჩვენ ველით, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 4-5%-ის ფარგლებში გაიზრდება, რაც ვფიქრობთ, საქართველოს ეკონომიკის პოტენციური ზრდის ტემპთან ახლოსაა“, - განაცხადა სელიმ ჩაკირმა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, საქსტატის შეფასებით, 2022 წლის ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.1% იყოგასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზად არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მიგრანტების ნაკადს ასახელებდა. რამდენადაც, მიგრანტების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე, მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა ეკონომიკური ზრდა წაახალისა.