სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 7.1% იყო.
თებერვალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში.
საქსტატის თანახმად, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 20.3%-ით, ხოლო იმპორტი - 9%-ით.
მხოლოდ თებერვალში საქართველოში, 6 537 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 57.3%-ითაა გაზრდილი.
თებერვალში, წლიურად 11.7%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 10 მლრდ 42 მლნ ლარს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, წელს მთავრობა საქართველოში ეკონომიკური ზრდის შემცირებას ელის. 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
თებერვლის ბოლოს გამოქვეყნებული პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში, ოფისი საქართველოს ეკონომიკის 7.2%-იან ზრდას პროგნოზირებს. მათი შეფასებით, მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა განპირობებული იქნება 2022 წელს დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4-5%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება. Galt & Taggart-ის თანახმად კი, გაზრდილია ალბათობა, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდოს.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.1% იყო.
გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზად არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მიგრანტების ნაკადს ასახელებდა, რამდენადაც იმიგრანტების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე, მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა ეკონომიკური ზრდა წაახალისა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.