Galt & Taggart-ის შეფასებით, გაზრდილია ალბათობა, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდოს.
როგორც ანალიტიკურ ორგანიზაციაში აცხადებენ, იანვარში დაფიქსირებული დადებითი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ შესაძლოა, პროცესები მათ მიერ ნავარაუდევი ოპტიმისტური სცენარით წარიმართოს და ეკონომიკური ზრდის ტემპი 7%-ის ფარგლებში იყოს.
როგორც Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, მიმდინარე წელს საშუალო ინფლაცია 6%-ის ფარგლებში იქნება.
„ჩვენი საბაზისო სცენარის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი 4.8% იქნება. თუმცა როგორც ვნახეთ, იანვარში კვლავაც მაღალი ზრდა დაფიქსირდა და თებერვლის ტენდენციებიც დადებითია. შესაბამისად, გაზრდილია ალბათობა, რომ პროცესები ჩვენ მიერ ნავარაუდევი ოპტიმისტური სცენარით წარიმართოს და წელს საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდოს. ამ სცენარში ინფლაციაზე მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა დარჩება და საშუალო ინფლაცია 6% იქნება, წლის ბოლოს კი ფასების ზრდის ტემპი 4%-ს დაუახლოვდება. ამ სცენარის შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება წლის ბოლოსკენ უნდა დაიწყოს და რეფინანსირების განაკვეთი დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით შემცირდება“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.1% იყო.