პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 7.2%-იან ზრდას პროგნოზირებს. ოფისის შეფასებით, მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა განპირობებული იქნება 2022 წელს დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებით.
„მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდის საბაზისო ეფექტი მაღალი იყო (2022 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 15%-ით), ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება კვლავ გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა 2022 წლის IV კვარტალში. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში საშუალო რეალური ზრდა 9.5%-ით განისაზღვრა“, - აღნიშნულია საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
საბიუჯეტო ოფისის 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით:
- ტურიზმის მოცულობა დაახლოებით 2.9-ჯერ გაიზრდება (2019 წლის პირველ კვარტლის პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 1.1-ჯერ მეტი). ამავე დროს გაიზრდება ქვეყნიდან გასული ვიზიტორების რიცხოვნობაც;
- ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად კვლავ შენარჩუნდება შიდა ტურიზმის აქტივობა;
- გაიზრდება როგორც კერძო მოხმარების, ისე ინვესტიციების მოცულობა, რაც განაპირობებს მთლიანი მოხმარების და ინვესტიციების ზრდას და ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ დადებით ტემპს;
- მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი ზრდის პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდაც;
- მთავრობის საინვესტიციო აქტივობების ზრდასთან ერთად, გაზრდილი მოხმარების და კერძო ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც;
- გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად, გაიზრდება საქონლის ექსპორტის მოცულობაც.
საბიუჯეტო ოფისის ინფორმაციით, აღნიშნული დაშვებების რაოდენობრივი შეფასების შედეგად მოსალოდნელია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში იმპორტის მოცულობა უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ექსპორტი და წმინდა ექსპორტის კომპონენტი -1.4% პროცენტული პუნქტით განსაზღვრავს ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას, ხოლო აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) კომპონენტი მნიშვნელოვნად გაიზრდება და მშპ-ის ცვლილებას 8.6% პროცენტული პუნქტით განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზად არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მიგრანტების ნაკადს ასახელებს. რამდენადაც, იმიგრანტების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე, მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა ეკონომიკური ზრდა წაახალისა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმიგრანტებმა ინფლაციის ზრდაზეც მოახდინეს გავლენა და შარშან ორნიშნა ინფლაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ წელს მთავრობა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შემცირებას ელის. 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4%-თან ახლოს იქნება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით კი, წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდება და ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება.