
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ნიკოლაი შულგინოვის თქმით, რუსეთმა ნედლი ნავთობის ექსპორტი დასავლეთის ქვეყნებიდან "მეგრობული" ქვეყნებისკენ გადაამისამართა.
„შემიძლია ვთქვა, რომ მოვახერხეთ სრულად გადაგვემისამართებინა ექსპორტი, რომელსაც ემბარგო შეეხო. გაყიდვები არ შემცირებულა“, - განაცხადა შულგინოვმა ენერგეტიკულ ფორუმზე.
შულგინოვმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მოსალოდნელია, რუსეთის ნავთობისა და გაზის მოპოვება 2023 წელს შემცირდეს.
უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთმა რუსეთს ფართო სანქციები დაუწესა, მათ შორის შეიზღუდა ნავთობის საზღვაო გზებით ექსპორტი. რუსეთის მტკიცების საპირისპიროდ, მონაცემები აჩვენებს, რომ მარტის პირველ კვირაში რუსეთის ნავთობის საზღვაო გზით ექსპორტი მკვეთრად დაეცა წინა კვირების მაჩვენებელთან შედარებით. პარალელურად, რუსული ნავთობის ექსპორტი ჩინეთში რეკორდულად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი "მეგობრულ" ქვეყნებზე ნავთობს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყიდის. დასავლეთისგან იზოლირებისა და ნავთობის დაბალ ფასად გაყიდვის ფონზე კი, კრემლს ნავთობიდან შემოსავალი შეუმცირდა, რამაც ხელი შეუწყო ბიუჯეტის უდიდეს დეფიციტს.