მოსკოვისთვის კიდევ უფრო რთულდება სავაჭრო ურთიერთობების განვითარება. რუსეთის ნავთობის საზღვაო ექსპორტი მკვეთრად დაეცა წინა კვირების მაჩვენებელთან შედარებით. კერძოდ, გასული ერთი კვირის განმავლობაში ამ გზით რუსეთი ყოველდღიურად მხოლოდ 3.11 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე 14%-ით ნაკლებია.
დასავლური სავაჭრო ემბარგოებისა და ფასებზე ლიმიტების დაწესების ფონზე, რუსული პროდუქცია ყველაზე ნაკლებ მომგებიანად ქვეყნის დასავლეთ პორტებიდან გადის, სადაც რუსეთს უწევს, 25%-ით დაბალ ფასად ჩააბაროს ტვირთი.
ამჟამად აზია და წყნარი ოკეანის აუზი რუსული საზღვაო ნავთობის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ რეგიონებად რჩებიან. რუსულ ნავთობს ძირითადად ყიდულობენ აზიის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი.
რაც შეეხება ევროპას, გასული კვირის განმავლობაში რუსეთიდან რეგიონში ყოველდღიურად კიდევ უფრო ნაკლები - 83 000 ბარელი ნავთობი - შევიდა. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი ერთადერთ ქვეყნად რჩება ევროპის რეგიონში, რომელიც კვლავ იღებს რუსულ ნავთობს. ევროპა რუსეთისათვის იყო ბაზარი, რომელიც ყოველდღიურად 1.5 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობპროდუქტს მოიხმარდა. აღნიშნული კი ბალტიის, შავი ზღვისა და არქტიკის საექსპორტო ტერმინალებიდან მოდიოდა. ევროპული სანქციებისა და რუსულ ნავთობზე ფაქტობრივად უარის თქმის შემდეგ, რუსეთს უწევს, აღნიშნული ტერმინალებიდან ნავთობი უფრო შორეული მიმართულებით, აზიისაკენ გაუშვას, რაც მას კიდევ უფრო ძვირი უჯდება.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ევროპას ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში საერთოდ აღარ მიუღია რუსული ნავთობი, ხოლო ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთადერთ ქვეყნად რჩება მხოლოდ თურქეთი, რომელიც დღემდე, თუმცა მინიმალური რაოდენობით იღებს რუსულ ნავთობს.