ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა ამბობს, რომ არსებობს ინტერესი, როგორც უკვე არსებულ საბანკო ინსტიტუტებში ახალი ინვესტორების შემოსვლის, ისე საქართველოში ახალი საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების შექმნის მიმართულებით.
"დარწმუნებული ვართ, კანონმდებლობის გამარტივება საქართველოში ახალი ბანკების შემოსვლას შეუწყობს ხელს," განაცხადა მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
საქმე იმაშია, რომ პარლამენტი საქართველოში საერთაშორისო ბანკების შვილობილი კომპანიების ლიცენზირების წესს ამარტივებს. ინიციატორები ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე არიან ამავე კომიტეტების სხვა წევრებთან ერთად. ცვლილება კი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.
განმარტებითი ბარათის თანახმად, უცხოური ბანკის სანდოობას განსაზღვრავს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასება, ხოლო ამ სარეიტინგო სააგენტოების ჩამონათვალს და რეიტინგის მოთხოვნებს ეროვნული ბანკი დაადგენს, ისევე როგორც იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა საბანკო ზედამხედველობა სანდოდ ჩაითვლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. ლიცენზიის მისაღებად უცხოურ ბანკს აღარ მოეთხოვება ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა, ეს მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ მნიშვნელოვან წილის მფლობელებზე.
დღეს ნათია თურნავამ ამ ცვლილებების საჭიროება იმით ახსნა, რომ "ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, კანონმდებლობის გამარტივება საქართველოს საბანკო სექტორში ახალი ინვესტორების მოზიდვასა და ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს."
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ინვესტორებს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდება მათ საზედამხედველო პოლიტიკის ჩარჩოზე, ქვეყნისა და კონკრეტული საბანკო ინსტიტუტის საკრედიტო რეიტინგებზე.