Nvidia გეგმავს დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყოს იმის დასადგენად, იყო თუ არა მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი უცხოელი აგენტების სამიზნე, მას შემდეგ რაც მედიაში გავრცელდა ცნობები მის რომანტიკულ ურთიერთობაზე ჩინელ ბიზნესმენ ქალთან, რომელიც პეკინის დავალებით მუშაობდა.
ამასთან, რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა ჰუანგი კონგრესში დაიბარეს მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად დახურულ შეხვედრაზე 18 ნოემბერს.
საქმე იმაშია, რომ გასულ თვეში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯენსენ ჰუანგს ურთიერთობა ჰქონდა ელის ჰუანგთან, სინგაპურში ბაზირებული კომპანიის Megaspeed-ის ყოფილ აღმასრულებელთან, რომელიც აშშ სამართალდამცავმა უწყებებმა შესაბამისი შემოწმების შედეგად, ჩინურ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულად მიიჩნიეს.
Megaspeed, რომელიც AI ჩიპებს Nvidia-სგან ყიდულობს, ეჭვმიტანილია იმაში, რომ ოფიციალურ პეკინს ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ჩიპებზე წვდომაში ეხმარებოდა მაშინ როცა მათი მიყიდვა ჩინეთისთვის ამერიკულ კომპანიებს აკრძალული აქვთ.
Reuters-ის და რამდენიმე სხვა წყაროს ინფორმაციით, ჰუანგმა ცოლის ღალატი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ იმეილ მიმართვაში აღიარა და თქვა, რომ "სრულ პასუხისმგებლობას" იღებს საკუთარ ქმედებებზე. პარალელურად, კომპანიის ინფორმაციით, ის აგრძელებს Nvidia-ს მართვას და მის საქმიანობაში წყვეტა არ იქნება.
"ჩემმა ქმედებამ ავნო ჩემს ცოლს და შვილებს. ამას გამართლება არ აქვს. ძალიან ვწუხვარ. ჩემი პასუხისმგებლობაა გემსახუროთ და გავამართლო თქვენი ნდობა. მე ვერ გავართვი თავი ამ პასუხისმგებლობას. ერთგული ვარ NVIDIA-ს მიმართ და ვიმუშავებ იმისთვის, რომ თქვენი ნდობა დავიბრუნო," ამ სიტყვებით მიმართა ჰუანგმა კოლეგებს, კომპანიის ბორდს, პარტნიორებს და მეწილეებს.
ეს კიდევ ერთი ზეწოლა ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციების ღირებულებისთვის, რომლებსაც ისედაც ვერ უდგათ კარგი დღე ამერიკაში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხელოვნური ინტელექტის მომავალთან დაკავშირებით გამწვავებული გაურკვევლობის ფონზე. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, არ არის გამორიცხული ჯენსენ ჰუანგს კომპანიის აღმასრულებელი პოსტის დატოვება მოუწიოს.