LIVE

კრემლს ნავთობიდან შემოსავალი შეუმცირდა - რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი $25 მილიარდია

08 თებ 202312:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 742
კრემლს ნავთობიდან შემოსავალი შეუმცირდა - რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი $25 მილიარდია

იანვარში რუსეთს ნავთობის და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი შეუმცირდა, რამაც ხელი შეუწყო ბიუჯეტის უდიდეს დეფიციტს. ბიუჯეტის მსგავსი დეფიციტი, ანუ ხარჯების გადაჭარბება შემოსავალზე, რუსეთში მინიმუმ 1998 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.  

ნავთობისა და გაზის საგადასახადო შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, იანვარში 46%-ით შემცირდა. ამასთან, 59%-ით გაიზარდა დანახარჯები უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. ამ ფაქტორების ერთობლიობამ 1.76 ტრილიონი რუბლის ($25 მილიარდი) დეფიციტი გამოიწვია.

ნავთობისა და გაზის შემოსავლების კლება მოჰყვა რუსეთის ექსპორტზე დასავლეთის სანქციებს, რაც მოიცავს ევროკავშირის მიერ ნედლი და გადამუშავებული საწვავის საზღვაო იმპორტის უდიდესი ნაწილის აკრძალვას, ასევე G-7-ის მიერ დაწესებულ ფასის ზედა ზღვარს.   

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას მოსთხოვა, რომ 1 მარტისთვის შეიმუშაონ გეგმა, თუ როგორ უნდა შეფასდეს რუსული ნავთობი იმისათვის, რომ რუსეთის ბიუჯეტზე სანქციების უარყოფითი ეფექტი ანაზღაურდეს. ამჟამად რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ნავთობის მწარმოებლებს გადასახადს Argus Media-ის მიერ ურალის ყოველთვიური ფასის შეფასების საფუძველზე უწესებს. შეფასება მოიცავს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში გაგზავნილი ტვირთისთვის ჩატვირთვისა და დაზღვევის ხარჯებს. 

ამ ზომების გამო, ურალის ტიპის ნედლი ნავთობი საორიენტაციო ფასთან შედარებით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იყიდება.  

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარში ურალის ფასმა ბარელზე საშუალოდ $49.48 შეადგინა, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულიაშედარებისთვის, გასულ თვეში ბრენტის ფასი ბარელზე საშუალოდ $77.82 იყო.   

ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებაზე რუსული გაზის ექსპორტის შემცირებამაც იმოქმედა. Gazprom-მა ევროპაში, ერთ დროს მის უმსხვილეს ბაზარზე, მომხმარებლების უდიდეს ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.    

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, იანვარში ასევე 28%-ით შემცირდა არაენერგეტიკული შემოსავლები. უწყების განცხადებით, ნაწილობრივ ამის მიზეზი დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული ცვლილებაა. 

Bloomberg Economics-ის ეკონომისტი, ალექს ისაკოვი ამბობს, რომ მისთვის ნავთობისგან მიღებული შემოსავლების კლება მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ დრამატულია ადგილობრივი მოხმარების 30%-იანი ვარდნა.

ეკონომისტი ელის, რომ ნავთობის შემოსავლები მთელი წლის განმავლობაში დაბალ დონეზე შენარჩუნდება და დეფიციტი გაღრმავდება. 

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან დეფიციტის შესავსებად იანვარში სუვერენული ფონდიდან 3.6 ტონა ოქრო, ასევე 2.3 მილიარდი იუანი გაყიდა.

რუსეთის საერთაშორისო რეზერვების დიდი ნაწილი, საერთაშორისო სანქციების გამო, გაყინულია. ყველაფრის მიუხედავად, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ბიუჯეტის შესრულება.