LIVE

EBRD: არსებობს კითხვა, რამდენად მდგრადია საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა

09 ნოე 202215:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 433
EBRD: არსებობს კითხვა, რამდენად მდგრადია საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორის განცხადებით, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მდგრადია ამჟამად საქართველოში არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

როგორც კატარინა ბიორლინ ჰანსენმა „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მაღალი ეკონომიკური ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის, მიგრაციით, გადაზიდვების და ექსპორტის ზრდით. თუმცა მისი თქმით, რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარების ფონზე, რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ როგორი ზრდის ტემპი იქნება მომავალში.

„საქართველოში წელს დაფიქსირებული 10%-ინი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია და ვფიქრობ, ასეთ ზრდას არავინ ელოდა. თუმცა კითხვა ჩნდება - რამდენად მდგრადია ასეთი ზრდის ტემპი. საქართველოს მომავალშიც ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ვარაუდით, მომავალ წელს 5%. თუმცა არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე, ზუსტი გათვლების გაკეთება შეუძლებელია. რამდენიმე ძირითადი ფაქტორია, რაც დღევანდელ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს - ერთი ეს ნამდვილადაა მიგრანტების მზარდი ნაკადი, მეორე - საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გავლით გააქტიურებული გადაზიდვები. ასევე, საქართველო ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ექსპორტიც გაზრდილია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სწრაფად გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს გაზრდილი ტვირთნაკადისგან, ასევე გაიზარდოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება“, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

ცნობისთვის, წელს იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 10.2%-ით გაიზარდა. ამასთან, ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 10% იქნება, რაშიც მიგრაციის ფონზე გაზრდილი ტურისტული შემოსავლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

რაც შეეხება მომდევნო წელს, მთავრობის გათვლებით, საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 5%-ით გაიზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4% იქნება.