LIVE

წელს ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება - ეროვნულმა ბანკმა პროგნოზი გაზარდა

26 ოქტ 202213:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 581
წელს ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება - ეროვნულმა ბანკმა პროგნოზი გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაზარდა. 

სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ეკონომიკური აქტივობა კვლავაც ძლიერია, რაც უკრაინაში ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში გაზრდილი მიგრანტების ფონზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. 

"მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10.3% შეადგინა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 10%-მდე გაიზარდა და, საშუალო წლიური ეკონომიკური აქტივობის დონე, სავარაუდოდ, მის პოტენციურ დონეს აღემატება. შედეგად, მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საგარეო შემოდინებების შედეგად გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი ნაწილობრივ აბალანსებს",- აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

ეროვნული ბანკი აქამდე ეკონომიკის 9%-იან ზრდას პროგნოზირებდა. მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 8.5%-მდე გაზარდა. 

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასევე გაზარდეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა. სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება, აზიის განვითარების ბანკი (ADB) კი 3.5%-ის ნაცვლად, 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.