LIVE

სექტემბერში ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

31 ოქტ 202211:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 561
სექტემბერში ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა. პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.2% იყო.

მიმდინარე წლის სექტემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში. 

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 37.4%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა - 34.4%-ით.

ამასთან, მხოლოდ სექტემბერში საქართველოში, 7 131 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 71.3%-ითაა გაზრდილი.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 19.5%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მლრდ 570 მლნ ლარს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 8.5%-მდე გაზარდა. პროგნოზი შეცვალა ეროვნულმა ბანკმა, რომელიც წელს საქართველოში ეკონომიკის 10%-იან ზრდას ელის. მათი შეფასებით, 10%-იან ზრდაში მიგრაციის ფონზე გაზრდილი ტურისტული შემოსავლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, მარეგულირებელი ელის, რომ 2022 წელს რუსი და ბელარუსი მიგრანტებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლები 500 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასევე გაზარდეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა. სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება, აზიის განვითარების ბანკი (ADB) 3.5%-ის ნაცვლად, 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, მსოფლიო ბანკმა კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 8.8%-მდე გაზარდა.