LIVE

მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის $35 მლნ დაამტკიცა

22 მაი 202411:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 1323
მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის $35 მლნ დაამტკიცა
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის  ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის  პროგრამის (ESPIRE Program) პირველი ფაზის დასაფინანსებლად  35 მლნ დოლარის დაფინანსება დაამტკიცა.

ESPIRE პროგრამის პირველი ფაზა ხელს შეუწყობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებას შავი ზღვის ფსკერის კვლევების საშუალებით. ის ასევე მხარს დაუჭერს ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას  შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის (BSSC) მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად.

"იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტენ BSSC პროექტის განხორციელებას, ESPIRE პროგრამის მეორე ფაზა დააფინანსებს საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში სახმელეთო გადაცემის ქსელის გაძლიერებას. ხოლო მესამე ფაზა ხელს შეუწყობს საკუთრივ წყალქვეშა კაბელის დაფინანსებას სხვა დამფინანსებლებთან თანამშრომლობით," განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა. 

500 მლნ დოლარიანი ESPIRE პროგრამა ჯამში სამი ფაზისგან შედგება და მისი  დანიშნულებაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება,  ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემის გაძლიერება და პირდაპირი ელექტროკავშირის დამყარებაა სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის. პროექტით გათვალისწინებულმა პარალელურმა  ციფრულმა კავშირმა ასევე უნდა შეამციროს ინტერნეტის ხარჯები, გააუმჯობესოს გამტარუნარიანობა და ზოგადად, გააძლიეროს საერთაშორისო ციფრული კავშირების დამყარების შესაძლებლობა შავი ზღვის გასწვრივ.

ESPIRE პროგრამა შექმნილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადების მომდევნო ეტაპების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას, დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში. არის მოლოდინი, რომ ხოლო Შავი ზღვის ფსკერის იმავე დერეფანში გათვალისწინებული პარალელური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციებსაც მოიზიდავს. 
 
“ESPIRE პროგრამას წამყვანი როლის შესრულება შეუძლია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და ამბიციური ენერგეტიკული და ციფრული კავშირის ინიციატივის განხორციელებაში,” - აღნიშნა როლანდ პრაისმა.
 
მისივე თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს აქვს პოტენციალი, გახდეს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმაციული დამაკავშირებელი, რომელიც შავი ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნებს დაეხმარება ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებაში, ენერგომომარაგების დეკარბონიზაციაში, განახლებადი ენერგიის განვითარებაში და პირდაპირი ციფრული კავშირების ზრდაში.
 
ESPIRE MPA პროგრამა მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური გამოწვევის პროგრამების ნაწილია “ენერგეტიკის გარდაქმნის, ეფექტიანობის და წვდომის” და “დიგიტალიზაციის დაჩქარების” შესახებ. პროგრამა ასევე შესაბამისობაშია საქართველოსთან მსოფლიო ბანკის პარტნიორობის 2025-2029 წლების ჩარჩო-დოკუმენტთან, რომლის მთავარი ფოკუსი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზეა. ასევე, კავშირებისა და ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე.