LIVE

რეფინანსირების განაკვეთის კლებას ლარმა გაუფასურებით უპასუხა

22 მაი 202413:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 641
რეფინანსირების განაკვეთის კლებას ლარმა გაუფასურებით უპასუხა

მას შემდეგ რაც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის 8%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიღო, ლარი მცირედით გაუფასურდა და Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 2.73 ნიშნულს გასცდა დოლართან, მაშინ როცა ვაჭრობა დილას 2.7175 ნიშნულზე გაიხსნა. 

თავად მარეგულირებელმა გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება, ხოლო ჯამური ინფლაცია კვლავ ჩამორჩება მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებლს - აპრილის წლიური ინფლაცია 1.5% იყო, ხოლო საბაზო ინფლაცია - 2.3%.

მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი აღიარებს, რომ გაურკვევლობა იმატებს და ინფლაციური რისკებიც გაზრდილია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა გასული თვეების განმავლობაში მის მიერვე ჩატარებული გამოკითხვა ინფლაციური მოლოდინების ზრდას აჩვენებს.

კერძოდ, წლის დასაწყისიდან მოყოლებული იზრდება იმ ბიზნესების წილი ვინც მომდევნო ერთ წელში ფასების 8%-ზე მეტად ზრდას ელის. სამაგიეროდ, შემცირებულია იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც მომდევნო ერთ წელში ფასების ზრდას 0%-თან ახლოს და 6-8%-ის ფარგლებში ელოდნენ. ასევე, იანვრიდან მზარდი ტენდენციით ხასიათდება გამოკითხული კომპანიების ის სეგმენტი, რომელიც საკუთარ პროდუქციაზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად და 6-8%-ის ფარგლებში ვარაუდობს. სანაცვლოდ კი, სულ უფრო ნაკლები კომპანია ამბობს, რომ მომდევნო ერთ წელში საკუთარ პროდუქციაზე ფასების ზრდას 2-4%-ის ან 4-6%-ის ფარგლებში გეგმავდნენ. 

"პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. შესაბამისად, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5.6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის," განმარტა ეროვნულმა ბანკმა და არ გამორიცხა, რომ ინფლაციური მოლოდინების ზრდასთან ერთად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნება ან დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება.