LIVE

მოვუწოდებთ პარლამენტს არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო - იურიდიული ფირმები

27 მაი 202417:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 1659
მოვუწოდებთ პარლამენტს არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო - იურიდიული ფირმები

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, რომელიც საქართველოში მოქმედ 21 უმსხვილეს იურიდიულ კომპანიას აერთიანებს, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს შესაძლებლობა, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები.

განცხადების ხელმომწერებს შორის არიან საბუღალტერო და პროფესიული მომსახურების ე.წ. დიდი ოთხეულიდან ორი კომპანია. განცხადებას ხელს შემდეგი ფირმები აწერენ: ბეგიაშვილი და კომპანია (BCO), ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისიზ ჯორჯია (BGI), ბირკაია კვანტალიანი, ბიზნეს ლიგალ ბიურო (BLB), ბი-ელ-სი (BLC), აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი (CLI), იუაი (EY), ქართული იურიდიული საკონსულტაციო კომპანია (GLCC), ჯი-ელ-სი-ჯი (GLCG), ქართული იურიდიული ჯგუფი (GLP), გრატა ინტერნეიშენალ ჯორჯია, კორძაძის საადვოკატო ბიურო, KMG Georgia, ელთიეი (LTA), მაკგილი (McGill), ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები, PwC, სუქნიძე და პარტნიორები, სვანიძე და პარტნიორები, VBAT, ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფი. 

ხელმომწერი ფირმები თვლიან, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და პრაქტიკულად გამორიცხავს ქვეყნის ევროინტეგრაციას, ასევე გაუმართლებლად ზღუდავს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს.

კანონი არ ემსახურება განსაკუთრებულ საზოგადოებრივ საჭიროებას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის სტიგმატიზებას, ზედმეტ და სახიფათო უფლებებს ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, რაც გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუტციით გარანტირებული, მათ შორის, გამოხატვის, სიტყვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების და სხვა მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების გაუმართლებელ და არაპროპორციულ შეზღუდვას, მედია სივრცის დავიწროებას და ქართული სამოქალაქო საზოგადოების პარალიზებას. კანონის შენარჩუნება, ამავე დროს, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობისგან იზოლაციაში აქცევს. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის ამოქმედება ცდება მხოლოდ ზოგიერთი სუბიექტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, შესაძლებელია გახდეს განსხვავებული აზრის დევნის საშუალება და შექმნას ქვეყანაში ავტოკრატიის დამყარების შესაძლებლობა," ნათქვამია იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ასოციაცია იზიარებს ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ სამართლებრივ დასკვნას, რომელიც შეიცავს კანონის დეტალურ, მუხლობრივ შეფასებას, მის შედარებას სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში მოქმედ საკანონმდებლო პრაქტიკასთან და რომელიც ასკვნის, რომ კანონი შეუსაბამოა საერთაშორისო კონვენციებით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან.

"ამავე დროს, იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთათვის მიუღებელია კანონშემოქმედებითი პროცესის წარმართვა არასათანადო წესით, არადემოკრატიულად და პროფესიული წრეების და ფართო საზოგადოების მოსაზრების სრული იგნორირებით," აცხადებენ უმსხვილესი იურიდიული ფირმები და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები. 

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. მმართველი პარტია გეგმავს,  საკითხს საბოლოოდ კენჭი ხვალ, 28 მაისს პლენარულ სხდომაზე უყაროს. აღნიშნული დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ "რა თქმა უნდა, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს."