
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს ამცირებს. წლის დასაწყისში ნავარაუდევი 5.8%-იანი ზრდის ნაცვლად, ფონდი ელის, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4%-მდე შემცირდება.
ახალ ანგარიშში ფონდმა უცვლელად დატოვა მიმდინარე წლის 9%-იანი ზრდის პროგნოზი. ასევე, უცვლელია 2027 წლის ზრდის პროგნოზი, რომელიც 5.2%-ს შეადგენს.
IMF-ის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში სამომხმარებლო ფასები 6%-ით გაიზრდება, წელს კი 11.6%-ს მიაღწევს.
ფონდი მომავალ წელს უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდას ელის. წელს ნავარაუდევი 18.7%-იანი მაჩვენებელი, რაც მომავალ წელს 19.5%-მდე გაიზრდება.
ამასთან, გამოწვევების ფონზე, IMF ელის, რომ მომავალ წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 2.7%-მდე შემცირდება, რაც 2001 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამავე დროს, სავალუტო ფონდის პროგნოზით არსებობს 25%-იან ალბათობა, რომ ზრდა 2%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდება.
მოსალოდნელია, რომ გლობალური ინფლაცია მიმდინარე წელს 8,8%-მდე გაიზრდება, მაგრამ მომავალ წელს 6,5%-მდე, ხოლო 2024 წელს 4,1%-მდე შემცირდება.
პანდემიური 2020 წლის გამოკლების შემთხვევაში, მომავალი წლის ეკონომიკური მაჩვენებლები იქნება ყველაზე სუსტი 2009 წლის შემდეგ.
"ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის და ბევრისთვის 2023 წელი რეცესიის მსგავსი იქნება. როდესაც ქარიშხლის ღრუბლები გროვდება, პოლიტიკის შემქმნელებისგან მტკიცე ხელია საჭირო", - წერს ფონდის მთავარი ეკონომისტი პიერ-ოლივიე გურინჩასი ანგარიშის წინასიტყვაობაში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ მარტინი