LIVE

ლარის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა დოლარი გაყიდა, კურსი 2.79-ია

28 მაი 202414:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 811
ლარის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა დოლარი გაყიდა, კურსი 2.79-ია

ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესაკავებლად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა, თუმცა მარეგულირებლის ინფორმაციით, აუქციონზე ბაზარმა 48 700 000 დოლარი აითვისა, საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსით 2.7829. 

შედეგად, დაახლოებით დღის 1 საათის შემდეგ ეროვნული ვალუტა, რომელიც დოლართან 2.81 ნიშნულს სცდებოდა, მცირედით გამყარდა და ამ დროისთვის ერთი დოლარი 2.7910 ლარად ივაჭრება, ანუ მაინც გაუფასურებული რჩება იმ კურსთან შედარებით, რომლითაც დილას ვაჭრობა გაიხსნა. რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება ამ დროისთვის 3.03 ლარია. 

ვინაიდან ბაზარმა მარეგულირებლის მიერ გამოტანილი 60 მილიონი დოლარი სრულად არ აითვისა, ეს შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ მოთხოვნა პანიკურია, რასაც დიდი ალბათობით პოლიტიკური პროცესი განაპირობებს. კერძოდ ის ფაქტი, რომ მმართველი პარტია რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს, რასაც სავარაუდოდ მკაცრი ზომები მოჰყვება დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ნეგატიური მოლოდინი ბაზარზე გაურკვევლობას და შიშებს ზრდის, შესაბამისად, მომხმარებლები ვალუტის შესყიდვას ჩქარობენ.