.jpg)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზრდება.
ღარიბაშვილი 19 მილიარდ ლარიანი ბიუჯეტის ზრდის დაანონსებას ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს, რომელიც მისივე თქმით, "გამორჩეულია რეგიონის და ევროპის მასშტაბით".
„სავარაუდოდ სექტემბერში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო და რა თქმა უნდა, უფრო მეტი თანხა გვექნება გადასანაწილებელი უწყებების მიხედვით და უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, საჯარო მოხელეების ხელფასები, 2026 წლამდე, ყოველ წელს მინიმუმ 10%-ით გაიზრდება.
ცნობისთვის, 2022 წლის ბიუჯეტის არსებული პარამეტრებით, ასიგნებები 19 მილიარდ 171 მილიონ ლარს აღწევს.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა. პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.5% იყო.
პარალელურად, უკვე ერთი წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება - 2022 წლის ივნისში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 12.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს სებ-ის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.