LIVE

წლიური ინფლაცია 12.8%-ია - საქსტატი

04 ივლ 202211:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 721
წლიური ინფლაცია 12.8%-ია - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 12.8% შეადგინა. უკვე ერთი წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6%-ით განისაზღვრა.

სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის მთავარი კონტრიბუტორი კვლავ გაძვირებული სურსათია. კერძოდ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 21.8%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • პური და პურპროდუქტები - 35%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 33.4%;
  • ხილი და ყურძენი - 31.8%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 24%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 19.5%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 18%;
  • თევზეული - 17.9%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 16%;
  • ზეთი და ცხიმი - 14.9%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 11.3%.

წლიურად ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4-ით, ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.6%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.1%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.2%).

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (26.2%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.7%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6%). 

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა.

ეროვნული ბანკი საქართველოში ინფლაციის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილ ფასებსა და მიგრანტების მზარდ ნაკადს უკავშირებს. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, საქართველოში ინფლაცია ერთნიშნა იქნებოდა.

მარეგულირებლის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 9.5%-ს გაუტოლდება. სებ-ში აცხადებენ, რომ მაღალი დაკრედიტების შედეგად გაზრდილი შიდა მოთხოვნის ფონზე ინფლაციის მიზნობრივ დონეზე მაღლა ხანგრძლივად შენარჩუნებისა და მსოფლიო მიწოდების ჯაჭვების შესუსტების შედეგად წარმოშობილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ რეჟიმში შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება. ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია. 

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ელის, რომ წელს საქართველოში მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება და საშუალო მაჩვენებელი 11%-ის ფარგლებში იქნება