LIVE

Gazprom ევროპის მინიმუმ 3 ქვეყანაში გაზის მიწოდებაზე ფორსმაჟორს აცხადებს

18 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 871
Gazprom ევროპის მინიმუმ 3 ქვეყანაში გაზის მიწოდებაზე ფორსმაჟორს აცხადებს

Gazprom-მა ევროპის 3 ქვეყანაში, რომელიც მისგან ბუნებრივ აირს ყიდულობს, მიწოდებაზე ფორს-მაჟორი გამოაცხადა. ნაბიჯი შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ის მიწოდების შეზღუდვის გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს. 

წყაროს თქმით, ბუნებრივი აირის უმსხვილესი რუსული კომპანია 14 ივლისით დათარიღებულ წერილში წერს, რომ იგი 14 ივნისიდან მიწოდებაზე ფორსმაჟორს აცხადებს.

ივნისის შუა რიცხვებიდან Gazprom-ი, ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ევროპას გაზის მიწოდება შეუმცირა. ამის მიზეზად კომპანიამ სარემონტოდ ამოღებული ტურბინის დაგვიანება დაასახელა.

ასევე შემცირებულია ევროპაში გაზის ნაკადები უკრაინის გავლით, რადგან ომის გამო, რუსეთთან საზღვარზე ორი ძირითადი შესასვლელი პუნქტიდან ერთი დახურულია.

11 ივლისს Nord Stream ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოების გამო 10 დღით გაჩერდა. თუმცა, მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შიშობენ, რომ მილსადენის გაჩერება შესაძლოა, უკრაინაში ომის ფონზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

"ეს არის სიგნალი იმისა, რომ შემცირებული ნაკადები შეიძლება გაგრძელდეს უფრო მეტხანს, ვიდრე ტექნიკური სამუშაოებისთვის დაგეგმილი პერიოდია", - ამბობს Energy Aspects-ის ხელმძღვანელი ტრევორ სიკორსკი დღეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. 

მისივე თქმით, კომპანიები ჩვეულებრივ აცხადებენ ფორსმაჟორს, როდესაც გაუთვალისწინებელი მოვლენაა, როგორიცაა ხანძარი ან სტიქიური უბედურება და ეს ხელს უშლის მათ ვალდებულების შესრულებაში. იურიდიული მიზეზის რეტროაქტიულად გააქტიურება "რბილად რომ ვთქვათ უჩვეულოა", თქვა სიკორსკიმ და დასძინა, რომ ის ელოდება, რომ ევროპელი მყიდველები მოედავებიან კომპანიას და მოითხოვენ კომპენსაციას.

სიახლე დღეს ჯერ Reuters-მა გაავრცელა. რუსულ ენერგოკომპანიას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც Gazprom-ის შეტყობინება მიიღეს, არის გერმანული კომპანიები Uniper და RWE.

"ეს გაუმართლებლად მიგვაჩნია და ოფიციალურად უარვყავით ფორსმაჟორის მოთხოვნა", - აცხადებს Uniper. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ კანადამ 17 ივლისს, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გერმანიაში თვითმფრინავით გაგზავნა Nord Stream-ის ტურბინა, თუმცა მის რუსეთში ჩატანას, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ნაწილი 21 ივლისს, მილსადენზე ტექნიკური სამუშაოების დასრულების დროისთვის ადგილზე არ იყოს. 

"შესაძლოა, რუსეთის მთავრობა სიამოვნებით აძლიერებს ზეწოლას ევროპაზე და იყენებს ამ ტექნიკურ ვითარებას ნაკადების არგანახლების საბაბად", - ამბობს ოქსფორდის ინსტიტუტის ენერგეტიკის კვლევის მკვლევარი ჯონათან სტერნი. 

რუსული გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისა და ცივი ზამთრის შემთხვევაში, თუ რეგიონი ენერგიის დაზოგვის მიზნით, პრევენციულ ზომებს ვერ მიიღებს, ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა, 1,5%-ით შემცირდეს. თუ შეჩერება საშუალო ზამთარს დაემთხვევა, მშპ-ის გავლენა შეიძლება 0.6%-დან 1%-მდე მერყეობდეს.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ Gazprom-მა შესაძლოა, Nord Stream-ის მეშვეობით გაზის მიწოდება გაზარდოს, რათა დაამტკიცოს, რომ ევროკომისია ცდება და ამასთან, მეტი თანხა გამოიმუშაოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანა შირიაევსკაია, სტეფან სტაპჩინსკი და ისისი ალმეიდა