LIVE

EU მოქალაქეებს მოუწოდებს, დაზოგონ ენერგია ზაფხულში, რათა ზამთარში შეფერხება თავიდან აიცილონ

13 ივლ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 561
EU მოქალაქეებს მოუწოდებს, დაზოგონ ენერგია ზაფხულში, რათა ზამთარში შეფერხება თავიდან აიცილონ
Krisztian Bocsi/Bloomberg

ენერგეტიკის კომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ამ ზაფხულს ენერგია უნდა დაზოგოს, რათა ინდუსტრიამ ზამთარში დეფიციტი თავიდან აიცილოს. 

Bloomberg Television-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სიმსონმა განაცხადა, რომ რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის ფონზე, ბლოკისთვის რთულია, რომ ზამთრის მარაგები შეავსოს. მისივე თქმით, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, მოქალაქეებმა და ბიზნესმა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში არ უნდა გააგრილონ შენობები ისე, როგორც ამას წინა წლებში აკეთებდნენ.

"სრული შეფერხების პირობებში, პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ დაზოგვას. პრევენციული დაზოგვა არა მხოლოდ მრეწველობას, არამედ ოჯახებსაც შეუძლიათ თავისი ქცევის შეცვლით. ეს ნიშნავს, რომ შუა ზამთარში ჩვენ შეგვეძლება თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი ინდუსტრიული სექტორის შეზღუდვა", - ამბობს სიმსონი. 

ყველაზე დიდი მილსადენი, რომლითაც ევროპას რუსული გაზი მიეწოდება, ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოების გამო, 11 ივლისს 10 დღით გაჩერდა. თუმცა, მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შიშობენ, რომ მილსადენის გაჩერება შესაძლოა, უკრაინაში ომის ფონზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ამის გამო, რეგიონი ალტერნატიული წყაროების ძიებაშია.

კომისია მომავალ კვირას ენერგიის მოთხოვნის შემცირების გეგმას წარადგენს, ხოლო ენერგეტიკის მინისტრები თვის ბოლოს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბებიან, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა მოემზადონ რუსული გაზის პოტენციური შეწყვეტისთვის. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მაირმა განაცხადა, რომ ასეთი სცენარი ახლა რეალურია.

გაზის შეწყვეტის ალბათობა და ენერგიის კრიზისი აჩენს შიშს, რომ ბლოკი შეიძლება შევიდეს რეცესიაში. ამ ფონზე, გასული 20 წლის განმავლობაში ევრო პირველად მიუახლოვდა დოლართან პარიტეტს. გაზის ბაზარზე ვარაუდობენ, რომ 2024 წლამდე მაღალი ფასი შენარჩუნდება, რაც ინფლაციის პერსპექტივას ზრდის. 

"თუ მოთხოვნის და მოხმარების შემცირება მოვახერხეთ, მაშინ ეს გავლენას მოახდენს ჩვენი ბუნებრივი აირის ფასზეც", - ამბობს სიმსონი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ აინგერი და ტომ მაკენზი