LIVE

გერმანია კანადისგან Nord Stream 1-ის ტურბინის მალე გათავისუფლებას ელის

08 ივლ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1011
გერმანია კანადისგან Nord Stream 1-ის ტურბინის მალე გათავისუფლებას ელის

გერმანია ელის, რომ კანადა გაათავისუფლებს სანქციებში მოხვედრილი  რუსული მილსადენის ძირითად ნაწილს, რის გამოც, Gazprom-ი ევროპას გაზს შეფერხებით აწვდის. ამის შესახებ Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირზე დაყრდნობით წერს. 

ამავე დროს, უკრაინა კანადას მოუწოდებს, რომ რუსეთს ტურბინა არ გადასცეს. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან წინააღმდეგობაში მოდის. 

"სანქციები კრძალავს რუსეთისთვის გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი აღჭურვილობის გადაცემას. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უთუოდ მივმართავთ ევროპელ კოლეგებს, რომ გადაიხედოს მათი მიდგომა, რადგან თუ ქვეყნები არ დაიცავენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებზეც სანქციების დაწესების დროს შეთანხმდნენ, როგორ უნდა ვისაუბროთ სოლიდარობაზე?", - ამბობს წყარო.

მისმა მიღებამ შესაძლოა შეამსუბუქოს რუსეთსა და გერმანიას შორის გაზის ირგვლივ არსებული დაპირისპირება, რადგან კრემლმა დღეს განაცხადა, რომ თუ ტურბინა გაიგზავნება, გაზის ნაკადები ევროპაში შეიძლება გაიზარდოს.

გერმანიის მთავრობის სპიკერის განცხადებით, მათ კანადისგან დადებითი სიგნალები მიიღეს, მაგრამ არ დაუდასტურებიათ, რომ ტურბინა გზაშია. 

ტურბინასთან დაკავშირებით პოტენციური შეშფოთების შესამსუბუქებლად, ჰაბეკმა პირობა დადო, რომ უკრაინას გერმანიის ბიზნეს დელეგაციასთან ერთად, რაც შეიძლება მალე ეწვევა და ქვეყნის აღდგენას მხარს დაუჭერს. 

გერმანია ზამთარში ენერგეტიკული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომას იღებს. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ე.წ. განგაშის რეჟიმი აამოქმედა, რაც გაზით მომარაგების სფეროში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ხდება. 

ჰაბეკმა ამ კვირის დასაწყისში Bloomberg-ს განუცხადა, რომ Nord Stream 1 მილსადენის ტურბინა უნდა დაბრუნდეს იქამდე, სანამ ორშაბათს ტექნიკური სამუშაოები დაიწყება. მისი თქმით, კომპონენტის გამოგზავნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აღარ ექნება საბაბი გაზის ნაკადების ჩასაკეტად. 

ტექნიკური სამუშაოების გამო, Nord Stream 1 დაიხურება 11-21 ივლისს. Goldman Sachs Group ვარაუდობს, რომ რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის სრული სიმძლავრით მიწოდება შესაძლოა,  ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგადაც არ განახლდეს.

ივნისში Gazprom-მა, ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდება 40%-ით შეამცირა. რუსულმა ენერგოკომპანიამ გასულ თვეში განაცხადა, რომ შემცირებული სიმძლავრის მიზეზი სარემონტოდ ამოღებული აღჭურვილობის დაგვიანებაა. ტურბინა, რომელიც მილსადენს კვებავს, დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, კანადაში დაყოვნდა.

გუშინ საერთაშორისო ენერგიის სააგენტომ ქვეყნები გააფრთხილა, რომ, რუსეთის "არაპროგნოზირებადი ქცევის" გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, გაზის რუსული ნაკადები სრულად შეწყდეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: არნე დელფსი