LIVE

„ბორჯომი“ ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს - სამინისტრო

21 ივნ 202214:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 823
„ბორჯომი“ ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს - სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომითი მედიაცია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა. უწყებაში აცხადებენ, რომ „ბორჯომი“ ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს.

„წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ და „IDS ბორჯომი საქართველო“ სრულფასოვნად ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, IDS BORJOMI International-მა, რომლის საკონტროლო პაკეტი სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა, ბორჯომის წარმოება 29 აპრილიდან შეაჩერა.

6 ივნისს, „IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრული პიკეტი დაიწყეს. გაფიცული თანამშრომლები ქარხნიდან გათავისუფლებული 49 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ. იმავე დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ მედიატორი დანიშნა, რომელიც „IDS ბორჯომი საქართველოში“ შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში ჩაერთო.

ცნობისთვის, 13 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1 104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცემა. 

RISSA INVESTMENT LIMITED-ი ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული, „ბორჯომის“ მმართველი კომპანიაა. სანქცირებული ფრიდმანის კომპანიის შვილობილ RISSA INVESTMENT LIMITED-თან საქართველოს მთავრობამ ორი დოკუმენტისგან შემდგარი შეთანხმება გააფორმა.