LIVE

"იძულებული გავხდით" - „IDS ბორჯომმა" 49 თანამშრომელი გაათავისუფლა

05 მაი 202212:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 866
"იძულებული გავხდით" - „IDS ბორჯომმა" 49 თანამშრომელი გაათავისუფლა

„IDS ბორჯომმა" ქარხნიდან 49 თანამშრომელი გაათავისუფლა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, იძულებული გახდნენ თანამშრომლებისთვის მოცდენილი საათების მხოლოდ 50%-ის ანაზღაურება შეეთავაზებინათ, რაც დასაქმებულების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

„მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები.

შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას – ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისთვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს“,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მინერალური წყლების მწარმოებელმა კომპანია „IDS ბორჯომმა“ 29 აპრილიდან წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ომის გამო პროდუქციის რეალიზაციის გართულება და ასევე, საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომაა.

„IDS ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია

მთავრობაში აცხადებენ, რომ საკითხზე მუშაობენ. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით, იურიდიული დეტალები ზუსტდება.

"ახლა იურიდიულ დეტალებს ვაზუსტებთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთი მხრივ დაეხმარება ქართული „ბორჯომის“ ინტერესებს, მათ შორის, დასაქმებულების ინტერესებს და მეორე მხრივ შეთანხმებული იქნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.