როცა პირველად დავურეკე მიხაილ ფრიდმანს, რათა შემეთავაზებინა საუბარი იმაზე, თუ როგორია სანქცირებული ცხოვრება, მან ტელეფონი გამითიშა. რამდენიმე დღის შემდეგ, თქვა, რომ ისევ არ მიაჩნდა კარგ იდეად ამ საკითხზე ლაპარაკი. ბევრი მსჯელობის შემდეგ, საბოლოოდ დამთანხმდა და ლონდონის მეიფეირის უბნის სასტუმროში შეხვედრა შემომთავაზა. მე სანაცვლოდ მისი სახლი შევთავაზე - Athlone House, ვიქტორიანული სტილის შენობა, რომელიც მან 2016 წელს იყიდა 65 მილიონ ფუნტად. ეს იდეა არ მოეწონა და საბოლოოდ, ჩრდილოეთ ლონდონში შევხვდით, ერთ-ერთ კაფეში სადაც 2 საათის განმავლობაში ვლაპარაკობდით ესპრესოს აპარატის უწყვეტი ხმაურის ფონზე.
ლურჯ აბრეშუმის სვიტერში, მაისურში და ჯინსებში გამოწყობილი შეხვედრაზე რამდენიმე წუთით ადრე გამოცხადდა, ცოტა დაღლილი გამომეტყველებით. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ორ კვირაში სამყარო, როგორსაც ის იცნობდა, როგორსაც ჩვენ ყველა ვიცნობდით, დასრულდა. ფრიდმანს არ ეგონა, რომ პუტინი სრულმასშტაბიან შეჭრას დაიწყებდა; ომზე საუბრისას მან თქვა, რომ საინვესტიციო ფირმა LetterOne-ის კოლეგებს მისწერა, რომ ვერ წარმოიდგენდა უკრაინელების წინააღმდეგ მეომარ რუსებს. ეს აზრი მის პირად ისტორიას ასახავს: 57 წლის ფრიდმანი დაიბადა და გაიზარდა საბჭოთა კავშირში, უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვში. ის პირველი ტალღის ოლიგარქი იყო, რომელმაც ქონება საბანკო და ენერგეტიკის სექტორებში დააგროვა, ვიდრე პუტინი მოვიდოდა ხელისუფლებაში. მისი მშობლები უკრაინის მოქალაქეები არიან და ბოლო დრომდე წლის გარკვეულ ნაწილს ლვოვის სახლში ატარებდნენ, ქალაქში, რომელიც ცნობილია ანტი-რუსული განწყობებით და უკრაინულ ნაციონალიზმში ლიდერობით. "მე ამ ქალაქის ყველა კუთხეს ვიცნობ," მეუბნება ფრიდმანი. "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უკრაინა წინააღმდეგობას გაწევდა."
იმ დღეს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ფრიდმანი მოსკოვში იყო, რეგულარული ბიზნეს ვიზიტით. სასწრაფოდ დაბრუნდა ლონდონში, სადაც შემდგომი დღეები გაატარა უკრაინიდან დამზაფრავი ზარების მიღებაში. ფრიდმანი და მისი პარტნიორები ქვეყნის უმსხვილეს ბანკებს ფლობენ, ასევე წილს უმსხვილეს მობილურ ოპერატორში, KyivStar-ში. მისი მესიჯი აღმასრულებელ გუნდთან შემდეგი იყო: გამოიყენეთ იმდენი ფული კომპანიის რესურსიდან, რამდენიც საჭირო იქნება თანამშრომლების და მათი ოჯახების უსაფრთხოებისთვის. 25 თებერვალს, რუსული ჯარის მიერ უკრაინის საზღვრების გადალახვიდან მეორე დღეს, მან LetterOne-ის თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, სადაც კონფლიქტი შეაფასა როგორც ტრაგედია და თქვა, რომ "ომი ვერასოდეს იქნება გამოსავალი". ფრიდმანისთვის ეს იშვიათი პოლიტიკური განცხადება იყო, თუმცა მან პუტინის პირდაპირი გაკრიტიკებისგან თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ის ამბობს, რომ ამ განცხადებამ მისი რუსეთში დაბრუნება შესაძლოა საფრთხისშემცველი გახადოს. შემდეგი კვირის დასაწყისში მისმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, Genesis Philanthropy Group-მა განაცხადა, რომ 10 მილიონ დოლარს გადაურიცხავდა ებრაულ ორგანიზაციებს უკრაინაში დევნილების მხარდასაჭერად.
ფრიდმანი ესალმება ვლადიმერ პუტინს დიდი ბრიტანეთი-რუსეთის ენერგოსამიტზე ლონდონში, 2003 წელი. შეხვედრის შემსწრეა ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ მინისტრი, ტონი ბლერი. ფოტო: ჯონ სთილველი/Getty Images/AFP
თუმცა ფრიდმანის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯებიდან ვერც ერთი ვერ აღმოჩნდა პრევენცია საიმისოდ, რომ მას არ გაეზიარებინა რუსი ოლიგარქების ბედი. მას ვერც ევროპასა და აშშ-ში წლების განმავლობაში ნაგროვები კონტაქტები დაეხმარა. 28 თებერვალს იურისტმა მოახსენა, რომ ევროკავშირმა მას სანქციები დაუწესა, ისევე როგორც მის გრძელვადიან პარტნიორს, პიოტრ ავენს, რომელიც რუსეთის უმსხვილეს კერძო ბანკს და ფრიდმანის Alfa Group კონსორციუმის წამყვან აქტივს, Alfa-Bank-ს ხელმძღვანელობს. იურისტმა სცადა განემარტა რას ნიშნავს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები: მოგზაურობის აკრძალვა, გაყინული ანგარიშები. ფრიდმანი სიტყვებს გაჭირვებით აღიქვამდა. "შოკში ჩავვარდი. თითქმის ვერ ვარჩევდი რას მეუბნებოდა",- ამბობს მილიარდერი.
რაც ახლა ცხადად ესმის, მისივე თქმით, არის ის, რომ ევროკავშირი ვერ ხვდება სინამდვილეში როგორ მუშაობს ძალაუფლება რუსეთში. თუ სანქციების მიზანი ის არის, რომ მისნაირ ადამიანებს პუტინზე ზეწოლის მოხდენის მოტივაცია გაუჩინოს, "ეს არარეალურზე უარესია".
"არასოდეს ვყოფილვარ სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ კომპანიაში, ან საჯარო თანამდებობაზე. თუ ევროპაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ჰგონიათ, რომ სანქციების გამო შემიძლია პუტინს მივმართო და ვუთხრა, რომ ომი შეწყვიტოს და ეს შედეგს გამოიღებს, მაშინ ვფიქრობ, ჩვენ ყველა ერთ დიდ გასაჭირში ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ, ვინც სანქცირების გადაწყვეტილებას იღებენ, არაფერი იციან იმაზე, თუ როგორ მუშაობს რუსეთი. და ეს სამომავლო პერსპექტივაში საშიშია",- ამბობს ფრიდმანი.
Bloomberg-ის თანახმად, ფრიდმანის ქონება ომამდე 14 მილიარდი დოლარი იყო. ახლა მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია ქაღალდზე და ის უცნაურ პოზიციაშია - ოლიგარქია ნაღდი ფულის გარეშე. როცა დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის მსგავსად ფრიდმანს სანქციები დაუწესა, 15 მარტს, მისი ბოლო ფუნქციური საბანკო ბარათიც გაიყინა. ახლა ამბობს, რომ საკუთარი ფულის გამოსაყენებლად, განაცხადი უნდა შეავსოს სპეციალური ლიცენზიის მიღებაზე და საბოლოოდ, ბრიტანეთის მთავრობა გადაწყვეტს საფუძვლიანია თუ არა მისი მოთხოვნა. გადაწყვეტილება დადებითიც რომ იყოს, ის თვეში დაახლოებით 2,500 ფუნტის დახარჯვას შეძლებს. მილიარდერი გაბრაზებულია, თუმცა ფრთხილობს, საკუთარი პრობლემები არც კი შეადაროს ომით დაზარალებულ უკრაინელებს. "ჩემი პრობლემები მართლა არაფერია, მათ ყოველდღიურობასთან შედარებით",- ამბობს ფრიდმანი.
ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ უპრეცედენტო ზომებისა, რომლებიც რუსეთს მსოფლიოს ყველაზე სანქცირებულ ქვეყნად აქცევს. მისი ეკონომიკა ჩამოიქცა ისეთი ზომების შედეგად, როგორიცაა რუსეთის ცენტრალური ბანკის $640 მილიარდიანი რეზერვების დიდი ნაწილის გაყინვა, ქვეყნის უმსხვილესი ბანკების SWIFT-დან გამოთიშვა და რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა/შეზღუდვა. მეორე კვარტალში რუსეთის ეკონომიკას 35%-იან ვარდნას უწინასწარმეტყველებენ.
თუმცა, ყველაზე მეტი ყურადღება მაინც რუსი ოლიგარქებისთვის აქტივების გაყინვამ მიიქცია. ასეთი მილიარდერების სია გრძელია, ისევე როგორც მათი აქტივების: იახტები, კერძო თვითმფრინავები, სასახლეები დასავლური ქვეყნების ყველაზე ექსკლუზიურ დასახლებებში, მათ შორის ლონდონში, საფრანგეთის სამხრეთით თუ კომოს ტბაზე იტალიაში. (ფრიდმანი ამბობს, რომ არ ფლობს უძრავ ქონებას არსად, გარდა ლონდონისა, მოსკოვისა და ლატვიისა, სადაც მისი მშობლების ბინა მდებარეობს და რომ არც იახტა ან თვითმფრინავი აქვს ჩამოსართმევი). რუსული ჯარების მიერ უკრაინაში ქალაქების განადგურებისა და უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ფონზე, მილიარდერებისთვის ჩამორთმეული იახტების ფოტოები საზოგადოებას მოსწონს.
ფრიდმანის "რატომ მე?" შესაძლოა შეუსაბამო იყოს. "პერსონალური სანქციები ოლიგარქების მიმართ საუკეთესო ინსტრუმენტი არ არის",- ამბობს ვაშინგტონში ვუდრო ვილსონის ცენტრის Kennan Institute-ის მრჩეველი, სერგეი პარხომენკო. "მე ფრიდმანზე და ავენზე ბევრად უარესი რუსი ოლიგარქების დასახელებაც შემიძლია. სანქციები სამართლიანი ინსტრუმენტი არ არის. ეს მასობრივი განადგურების იარაღია."
"ეს არის არაპირდაპირი მიდგომა, რომლის ერთ-ერთი სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ თუ პუტინთან ახლოს მდგომ ოლიგარქებზე ზეწოლა გაძლიერდება, ისინიც გააძლიერებენ საკუთარ ზეწოლას პუტინზე”,- ამბობს იურიდიული ფირმა Gibson, Dunn & Crutcher-ის პარტნიორი, ადამ სმითი, რომელიც წარსულში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტში მუშაობდა და მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა სანქცირებასთან მიმართებაში 2010-2015 წლებში. "აშშ-ს ოლიგარქები წარსულშიც დაუსანქცირებია და ამ სტრატეგიის ეფექტურობა არათანაბარია როგორც იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეწყვიტეს ოლიგარქებმა პუტინის მხარდაჭერა, ისე იმ ნაწილში - რამდენად დაზარალდნენ ისინი თავად."
ასეც რომ იყოს, ამ დროისთვის დაწესებული სანქციები გაფანტულია - ზოგიერთი მიზანში ხვდება, ზოგიერთი - ვერა, ზოგიერთი - ნაწილობრივ. აშშ-ს ფრიდმანის, ავენის ან მათი პარტნიორის გერმან ხანის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია. ევროკავშირმა ფრიდმანი და ავენი დაასანქცირა როგორც ინდივიდები, თუმცა აშშ-მაც და ევროკავშირმაც მსუბუქი შეზღუდვები დაუწესეს Alfa-Bank-ს, რომელზეც მათი სიმდიდრის დიდი ნაწილი მოდის. სხვა ტიპის არათანმიმდევრულობაც შეინიშნება. აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს ალიშერ უსმანოვს; მას შეეზღუდა საკუთარ იახტაზე და კერძო თვითმფრინავზე წვდომა, მაგრამ ამავდროულად, აშშ-მა ლიცენზია გასცა მის რამდენიმე ბიზნესზე და საქმიანობის გაგრძელების ნება დართო. არაერთი მსხვილი სამიზნე საერთოდ სანქციების მიღმა დარჩა. რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული "გაზპრომბანკი" თითქმის ხელშეუხებელია იმის გამო, რომ ცენტრალური ადგილი უკავია ევროპისთვის გაზის შესყიდვის პროცესში.
ფრიდმანის არგუმენტი, რომ მას არ აქვს სურვილი გავლენა მოახდინოს კრემლზე მეტყველებს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა რუსი მილიარდერების როლი 1990-იანების შემდეგ. იმ დროისთვის, ფრიდმანი ერთ-ერთი იყო ე.წ. "სემიბანკირშინას" შვიდ ოლიგარქს შორის. ოლიგარქების შვიდეულისგან დაკომპლექტებული ეს ჯგუფი პრეზიდენტ ბორის ელცინის მეორე ვადით არჩევის კამპანიას უჭერდა მხარს და კრემლზეც დიდი გავლენა ჰქონდა. როცა 2000 წელს ხელისუფლებაში პუტინი მოვიდა, მან საკუთარი მოდელი შემოიღო: ახალი შეთანხმებით, ოლიგარქები საკუთარ ბიზნესსაქმიანობას იმ შემთხვევაში გააგრძელებდნენ, თუ პოლიტიკისგან თავს შორს დაიჭერდნენ. პუტინმა გაანადგურა ოლიგარქები, ვინც ეს შეთანხმება დაარღვია, რისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მიხაილ ხოდორკოვსკია, რომელმაც 10 წელი გაატარა ციხეში მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოსვლა სცადა. 22-წლიან მმართველობის პერიოდში, პუტინმა წაახალისა ოლიგარქების ახალი კოჰორტის შექმნა, რომლებიც სახელმწიფო კონტრაქტებით გამდიდრდნენ და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ კომპანიებს მართავენ.
ფრიდმანისთვის სანქციები იმ ხანგრძლივი კამპანიის დასასრულია, რომლის მეშვეობით, მას მიიღებდნენ რუსეთის ფარგლებს გარეთაც. 20 წლის განმავლობაში ის და ავენი ყოველწლიურად მიდიოდნენ ვაშინგტონში კონგრესის წევრებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შესახვედრად რათა განევითარებინათ ის, რასაც თავად ფრიდმანი "კონსტრუქციულ ურთიერთობას" უწოდებს ბიზნესში ამერიკელებსა და რუსებს შორის. ფრიდმანის და ავენის მოსაზრება ქვეყნის მუდმივად ცვალებად პოლიტიკურ ლანდშაფტთან დაკავშირებით მოთხოვნადი იყო. 2004 წელს მათ Alfa-ს სასტიპენდიო პროგრამა შექმნეს, რომელმაც 200-ზე მეტი ამერიკელს, ბრიტანელს და გერმანელს დაუფინანსა რუსეთში მუშაობა და მოგზაურობა "დასავლეთში რუსეთის შესახებ ცოდნის გაღრმავების მიზნით". ფრიდმანი მეუბნება, რომ როცა სანქციებზე ლაპარაკი დაიწყო, მას იმედი ჰქონდა, წლების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები დაიცავდა.
"ჩვენ გულწრფელად გვჯეროდა, რომ არ დავისჯებოდით, როგორც დასავლეთის კარგი მეგობრები. Alfa-ს სასტიპენდიო პროგრამას ასობით კურსდამთავრებული ჰყავს, მათი დიდი ნაწილი ძალიან წარმატებული ადამიანია",- ამბობს ის.
ფრიდმანი და ავენი იმითაც იყვნენ გამორჩეულები, რომ რუსეთიდან ფული გაჰქონდათ. 2013 წელს, Alfa Group-მა $14 მილიარდი მიიღო, როცა ნავთობკომპანია TNK-BP სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფ Rosneft-ს მიჰყიდა. ეს შეთანხმება დაახლოებით ერთი წლით ადრე შედგა, ვიდრე პუტინი ყირიმის ანექსიას დაიწყებდა, რამაც სანქციების თავდაპირველი ტალღა წამოიწყო რუსეთის წინააღმდეგ. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ფრიდმანი და ავენი დროულად გამოვიდნენ ბაზრიდან, თუმცა დაიტოვეს რამდენიმე რუსული აქტივი. მათ შორის, Alfa-Bank და წილი X5-ში, ქვეყნის უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში. მიღებული შემოსავალი მათ ევროპულ აქტივებში გადაჰქონდათ, მათ შორის ესპანური სუპერმარკეტების ქსელ Dia-ში, ასევე რითეილერ Holland & Barrett-ში და ენერგოკომპანია Wintershall DEA-ში. ფრიდმანმა და მისმა პარტნიორებმა მობილური კავშირის სექტორში ინვესტიციებიც გააერთიანეს რიგი შეთანხმებებით, რის შედეგადაც გაჩნდა Veon-ი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს გენადი გაზინი ხელმძღვანელობს, უკრაინელი ამერიკელი რომელიც გასულ წელს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეროვნულ ინვესტორთა საბჭოს შეუერთდა. იმის გამო, რომ არც ფრიდმანს და არც მის პარტნიორებს ზემოხსენებულ აქტივებზე ცალ-ცალკე მაჟორიტარული კონტროლი არ აქვთ, დიდი ალბათობით ამ ნაწილში სანქციები არ შეეხებათ.
პიოტრ ავენი, ფრიდმანის გრძელვადიანი ბიზნეს პარტნიორი. ფოტო: Bloomberg
მე ვკითხე ფრიდმანს, რატომ არ დატოვა რუსული ბაზარი და არ გაასხვისა წილი Alfa Group-ში. ბოლოს და ბოლოს, ის უკვე მდიდარია. "ადვილი არ არის გაყიდო ასეთი დიდი კომპანია",- მიპასუხა მან. "თანაც, ეს ის კომპანიაა, რომელიც პირველი აგურიდან ავაშენე და ეს არც ემოციურად არის ადვილი. ეს ბიზნესები ჩემთვის შვილებივითაა."
ევროკავშირმა ფრიდმანის და ავენის მიერ 2018 წელს აშშ-ში გამართული შეხვედრა სანქციების დაწესების ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნია, დაახასიათა რა, როგორც "არაოფიციალური მისია რუსეთის მთავრობის მესიჯის გასავრცელებლად სანქციებისა და კონტრსანქციების თაობაზე". ფრიდმანი ამ დახასიათებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი ორგანიზაცია Atlantic Council-მა დაპატიჟა, როგორც არაერთხელ გაუკეთებია წარსულშიც, რათა რუსეთში მიმდინარე მოვლენები განეხილათ. "ჩვენ არასოდეს გავუგზავნივართ რუსეთის მთავრობას რაიმე ფუნქციით",- ამბობს ის.
ბრიუსელმა ფრიდმანი და ავენი ასევე დაადანაშაულა პუტინის უფროს ქალიშვილთან, მარიასთან კავშირში, რომელიც ევროკავშირის მტკიცებით, ხელმძღვანელობს Alfa-Bank-ის საქველმოქმედო პროექტს Alfa-Endo-ს, რომელიც ჯანდაცვის პროგრამას წარმართავს რუსი ბავშვებისთვის. ეს ბრალდება Reuters-ის მიერ გავრცელებულ 2015 წლის ცნობებს მოჰყვა, რომელთა თანახმად, მარია ამ პროექტზე მუშაობდა, როგორც დოქტორის ხარისხის კანდიდატი. "მას არასდროს უმუშავია ჩვენთან რამე პოზიციაზე. არასოდეს შევხვედრივარ. არ ვიცი ვინ არის",- ამბობს ფრიდმანი.
ფრიდმანი იმასაც ამბობს, რომ ცდილობს თავი პოლიტიკისგან შორს დაიჭიროს, რაც საკმაოდ რთული უნდა იყოს მილიარდერისთვის, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესს უდგას სათავეში. რეალურად, მას ბალანსი უნდა დაეცვა. ის მეგობრობდა ბორის ნემცოვთან, ოპოზიციის ლიდერთან, რომელიც 2015 წელს მოკლეს. შემდეგ წელს, მან მონაწილეობა მიიღო რუსულ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად ნემცოვსაც ეძღვნებოდა - რაც უჩვეულო ქმედება იყო რუსი ოლიგარქის მხრიდან - და სინანული გამოხატა, რომ ნემცოვის სიკვდილამდე მასთან ცოტა დროს ატარებდა იმის გამო, რომ შიშობდა ეს ნეგატიურად აისახებოდა მის ბიზნესზე. მისი სხვა ყველა ნაბიჯი თანხვედრაში იყო სურვილთან, არ გაებრაზებინა კრემლი. 2012 წელს მან Alfa Group-ის მაშინდელ აღმასრულებელ დირექტორს, ვლადიმირ აშურკოვს გადადგომა მოსთხოვა იმის გამო, რომ ოპოზიციის ლიდერთან, ალექსეი ნავალნისთან თანამშრომლობდა.
"ფრიდმანმა თქვა, რომ სახელისუფლებო პირებთან ურთიერთობა ყოველდღიურ რეჟიმში უწევდა და არ სურდა პოლიტიკაში ჩართვა",- ამბობს აშურკოვი, რომელიც ახლა ნავალნის ანტი-კორუფციულ ფონდს ხელმძღვანელობს. "მე შემიძლია გავიგო მისი პოზიცია. როცა რუსეთში დიდ ბიზნესს მართავ, თუნდაც არ ეთანხმებოდე მთავრობის ქმედებებს, მაინც გიწევს კარგი ურთიერთობა გქონდეს მათთან, რათა რეიდი ან დასჯის სხვა მეთოდები აირიდო." ფრიდმანი და ავენი ნავალნის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ფართოდ გახმაურებულ სიაში არ მოხვდნენ იმ 35 ოლიგარქთან ერთად, რომლებიც ოპოზიციის ლიდერის მტკიცებით, უნდა დასჯილიყვნენ ადამიანის უფლებების შელახვისა და კორუფციისთვის.
არიან ისეთებიც, ვინც ფრიდმანს მაინც პუტინის სისტემის მსხვილ ბენეფიციარად აღიქვამს, რომელიც იმსახურებს სანქცირებას. ილია ზასლავსკიმ, რომელიც TNK-BP-ში მუშაობდა 2010 წლამდე და ახლა ვაშინგტონში Center for International Private Enterprise-სთვის მუშაობს, ფრიდმანი და ავენი 2021 წელს იმ რვა ოლიგარქის სიაში შეიყვანა, რომლებსაც "კრემლიგარქებს" უწოდებს "პუტინთან სიახლოვის" გამო და მათი სანქცირება მოითხოვა. მისი ანგარიში მიუთითებს, რომ Alfa Group კრემლთან მჭიდროდ ასოცირებულ პირებთან თანამშრომლობს, მათ შორის ალექსანდრე ვინოკუროვთან, რომელიც სერგეი ლავროვის სიძეა და Alfa-ს საინვესტიციო მიმართულებას, A1-ს მართავდა 2014 წლიდან 2017 წლამდე. ევროკავშირმაც და დიდმა ბრიტანეთმაც ვინოკუროვს სანქციები დაუწესეს. ფრიდმანი და მისი პარტნიორები არაერთ დავაში ყოფილან ჟურნალისტების წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ გაებათილებინათ ეჭვები კრემლთან მათ სიახლოვესთან დაკავშირებით.
ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში უფრო ცოტას ამბობს ფრიდმანზე, ავენთან შედარებით. მან ავენი მოიხსენია როგორც ერთ-ერთი იმ 50 რუს ბიზნესმენს შორის, რომელიც რეგულარულად ხვდება პუტინს კრემლში. ეს მტკიცება Mueller Report-ს ეყრდნობა, რომელიც რუსეთის ჩართულობას ეხება აშშ-ს 2016 წლის არჩევნებში. ავენმა Mueller-ის გამომძიებლებს უთხრა, რომ "ნებისმიერი ვარაუდი ან კრიტიკა, რაც პუტინმა ამ შეხვედრებისას გამოთქვა, წარმოადგენდა არაპირდაპირ დირექტივას." ევროკავშირმა მიიჩნია, რომ ავენი "არ მოქმედებდა პრეზიდენტის მოთხოვნებისგან დამოუკიდებლად."
ფრიდმანი ამბობს, რომ არასოდეს შეხვედრია პუტინს ერთი ერთზე, თუმცა შეხვედრია ბიზნეს ლიდერების ჯგუფურ შეხვედრებზე. ის ავენის შეხვედრებს პუტინთან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
"ძალაუფლებრივი დისტანცია ბატონ პუტინსა და ნებისმიერ პირს შორის დაახლოებით ჰგავს დისტანციას დედამიწასა და კოსმოსს შორის. ბატონი ავენი ამ საკითხს ასე უდგებოდა 'დიდი მადლობა თქვენი დროისთვის'. ნებისმიერი პირის მიერ პუტინისთვის რამის თქმა ომის წინააღმდეგ, ერთგვარი სუიციდი იქნებოდა",- ამბობს ფრიდმანი.
მართალია, აშშ-ს ფრიდმანი არ დაუსანქცირებია, თუმცა ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულმა ზომებმა მისი ანგარიშები გაყინა; ბრიუსელში სანქციების გამოცხადებიდან მეორე დღეს, ფრიდმანმა აღმოაჩინა რომ მისი საბანკო ბარათი არ მუშაობს. ახლა ცდილობს მოიფიქროს, როგორ გადაიხადოს პატარ-პატარა მომსახურებებისთვის, როგორიცაა მაგალითად სახლის დასუფთავება.
"შეიძლება სახლის დალაგება თვითონ მომიწიოს. არა უშავს. მიცხოვრია პატარა საერთო საცხოვრებელში ოთხ კაცთან ერთად, როცა სტუდენტი ვიყავი, უბრალოდ 35 წლის შემდეგ ამას არ ველოდი",- ამბობს ფრიდმანი ნერვულად მოსხეპილი სიცილით.
ფრიდმანმა და ავენმა ყველა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს, ასევე მენეჯერული პოზიციებიც, მათ შორის Alfa-Bank-ის და LetterOne-ის, სადაც უთხრეს, რომ ოფისშიც აღარ უნდა მივიდნენ. მათი პარტნიორები, ხანი, ალექსეი კუზმიჩევი და ანდრეი კოსოგოვი ასევე გადადგნენ LetterOne-ში დაკავებული პოზიციებიდან, ხოლო თავად სამეთვალყურეო საბჭომ განაცხადა, რომ $150 მილიონს გაიღებს უკრაინის დასახმარებლად.
ფრიდმანი ამბობს, რომ ორი თვე აქვს ევროკავშირის სანქციებთან გასამკლავებლად. ის ლონდონელ იურისტთან, როჯერ გერსონთან თანამშრომლობს, რომელიც ცნობილია რუსი კლიენტებით სავიზო საკითხებზე, არა სანქციებზე. ფრიდმანს ისრაელის პასპორტი აქვს, მაგრამ კითხვაზე, აპირებს თუ არა ისრაელში წასვლას, უარია. იქ სახლი არ აქვს და არც ფულზე აქვს წვდომა, შეძენაც რომ უნდოდეს.
"მე აქ გამომწყვდეული ვარ",- ამბობს მილიარდერი.
ჩვენი საუბრისას, ფრიდმანი არაერთხელ უბრუნდება საკითხს, თუ რა არალოგიკურად ეჩვენება სანქციები. გარდა იმისა, რომ ევროკავშირმა მას პირადად დაარტყა სანქციებით, აშშ-მა და ევროკავშირმა Alfa-Bank-ს მხოლოდ ობლიგაციების ან აქციების გამოშვების შესაძლებლობა შეუზღუდეს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მილიარდერი დასავლეთს საკუთარი ბანკის მეტად სანქცირებისკენ უბიძგებს? "არ ვფიქრობ, რომ ეს ეფექტური იქნება და არც მე ვიქნები ამით ბედნიერი, მაგრამ როგორც მინიმუმ, იმას მაინც გავიგებ, ეს რატომ გააკეთეს",- განმარტავს ფრიდმანი.
"ვერ ვხვდები ლოგიკას, მე რატომ დამსაჯეს. ჩვეულებრივი დასავლელის ზოგადი აღქმით, 'ამ გაუმაძღარ ოლიგარქებს შეუძლიათ პუტინს მიმართონ და უთხრან, რომ გაჩერდეს'. რატომ ჰგონიათ ასე?"
ჩვენს შეხვედრამდე, მისი თქმით, უკრაინელმა მეგობარმა დაურეკა, რომელიც ნათესავებს ეხმარება ხარკოვიდან გასვლაში. ხარკოვი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელსაც რუსული ძალები განურჩევლად ბომბავენ. ფრიდმანი ამბობს, რომ მან მეგობარს მშობლების ორსაძინებლიანი ბინა შესთავაზა ლვოვში, რომელიც ჯერჯერობით ბომბებს გადაურჩა. მისი თქმით, ეს ბინა ახლა 15 დევნილის დროებითი თავშესაფარია. თუმცა ამავდროულად, ებრაული ორგანიზაციები უკრაინაში კვლავ ელიან მის 10 მილიონიან დონაციას, რომელიც ჯერ არ ჩანს.
ჩვენი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, დიდმა ბრიტანეთმა ფრიდმანს სანქციები დაუწესა და ამჯერად მან თავად დამირეკა, არანაირი ცხადი მიზეზით გარდა იმისა, რომ ეთქვა - სიტუაცია უარესობისკენ იცვლება. თავგზააბნეული ჩანს. "არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო," მეუბნება. "არ ვიცი. მართლა არ ვიცი."
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი ბეიკერი